მიხაილ პოდოლიაკი - ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს ეხმაურება. „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში მან უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„საქართველოსადმი ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს. არის ქართველი ხალხი, მაგრამ მან, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელოდება რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არგაგრძელებას, ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან „ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან“.
„ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი მათ არ ესმით, თუ ვის მხარეს უნდა იყვნენ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, საქართველოში უცნაური ვითარებაა შექმნილი – ხელისუფლება რუსულ ფასეულობებს უჭერს მხარს, რომელიც „სხვის ტერიტორიაზე, მათ შორის, თქვენსაზე მისვლას“ გულისხმობს, მაგრამ ამავდროულად ევროპულ ბაზრებსა და ფულზე წვდომის მოპოვებაც სურს.
„არსებობს ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, და ეს ძალიან გასაკვირად იქნება ჩაწერილი ისტორიაში, რომ საქართველოს 2022-2023 წლების მთავრობა, რომელიც 2008-ში რუსული შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, აგრძელებს უკრაინისადმი, რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან ევროპის გათავისუფლების პროცესისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებას. დაე, ქართველებმა მერე ამით იცხოვრონ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.