იტალიური საჯინიბო “ფერარის” მოდელი F2001 ფორმულა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული თანამედროვე ბოლიდი გახდა. ეს მანქანა, რომლითაც ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა უნგრეთის გრანპრი მოიგო და ვადაზე ადრე გახდა მეოთხე ტიტულის მფლობელი, Sotheby’s-ის აუქციონზე 7 504 000 დოლარად გაიყიდა.
თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ ბოლიდი დაახლოებით 4 მილიონად გაიყიდებოდა. როგორც Motorsport იტყობინება, მანქანის რეალიზაციიდან მიღებული თანხა გერმანელი პილოტის ფონდში გადაირიცხება.
ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად რჩება – 1954 წლის გამოშვების Mercedes W196, რომელიც 2013 წელს 29.6 მილიონად გაიყიდა. 2001 წლის სეზონში, შუმახერმა მოიგო ცხრა გრანპრი და 14-ჯერ ავიდა პოდიუმზე. იმ სეზონში გერმანელმა ორჯერ მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე მისმა უახლოესმა მდევარმა დევიდ კულტჰარდმა.