მიხაელ გალერი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს
მიხაელ გალერი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს

დავაკვირდით უბნების გახსნის პროცესს, რამაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ზოგადად, საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, მიხაელ გალერმა განაცხადა.

„ჩვენ დავაკვირდით უბნების გახსნის პროცესს ამ დილით, უბნების გახსნამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ისინი დროულად გაიხსნა. ყველა საჭირო მასალა ხელმისაწვდომი იყო, პერსონალი ადგილზე იმყოფებოდა.

ამ დროისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბევრი საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა განთავსებული და რთულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასე რომ, მცირე პრობლემა არის, თუმცა ეს არის ტექნიკური საკითხი. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სკანერი გაფუჭდა, თუმცა ესეც არის ტექნიკურად მოსაგვარებელი საკითხი. ზოგადად, პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს”, – განაცხადა გალერმა.

ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ასევე კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე.

„ეს საკითხი სცდება ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებს. ეს არის მოვლენა, რომელსაც ექნება, ან არ ექნება გავლენა. ასე რომ, ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამაზე კომენტარს იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც აქ გვაკისრია”, – განაცხადა გალერმა.