მიხაელ გალერი - ჩემი აზრით, მოცემულ სიტუაციაში ქვეყნები არ უნდა გამოვაცალკევოთ, საქართველო და მოლდოვა საბედნიეროდ ახლა ომის სიტუაციაში არ არიან, მაგრამ იყო ომი და აგრესია უკრაინამდეც მივიდა
მიხაელ გალერი - ჩემი აზრით, მოცემულ სიტუაციაში ქვეყნები არ უნდა გამოვაცალკევოთ, საქართველო და მოლდოვა საბედნიეროდ ახლა ომის სიტუაციაში არ არიან, მაგრამ იყო ომი და აგრესია უკრაინამდეც მივიდა

ჩემი აზრით, მოცემულ სიტუაციაში ქვეყნები არ უნდა გამოვაცალკევოთ, საქართველო და მოლდოვა საბედნიეროდ ახლა ომის სიტუაციაში არ არიან, მაგრამ იყო ომი და აგრესია უკრაინამდეც მივიდა, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა.

გალერის თქმით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობაზე მოთხოვნის პროცედურა დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ მალე იქნება პოლიტიკური გზავნილი. მისივე თქმით, ვერ იქნება მოკლე გზა ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ უნდა იყოს გამხნევება.

„გასულ კვირაში უკრაინის მიმართ ევროპარლამენტის მიერ თითქმის ერთხმად გამოხატული მხარდაჭერა არის პოლიტიკური სიგნალი, რომელიც საჭიროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ უკრაინა, პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენისა და არსებობისთვის იბრძვის. ღიად ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი ღირებულების დაცვისთვის ისჯებიან, ამიტომ ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა, გავიმეოროთ, რომ თქვენ ჩვენ, ევროპელებს გვეკუთვნით, ჩვენ გვსურს, რომ ჩვენთან ერთად იყოთ და ბუნებრივია, რომ ორივე ასოცირებულმა ქვეყანამ, საქართველომ და მოლდოვამ გაიმეორეს წევრობაზე მოთხოვნა. პროცედურა დაიწყო და იმედი მაქვს, ძალიან მალე გვექნება პოლიტიკური გზავნილი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს ვერ იქნება მოკლე გზა წევრობისკენ, მაგრამ ეს უნდა იყოს გამხნევება, დარწმუნება, რომ ევროკავშირის დღის წესრიგი იქნება უფრო ფართო და როგორც ყოველთვის ვაცხადებთ, ერთსულოვნების დანახვა შიდაპოლიტიკური განსხვავებულობის მიუხედავად, რადგან ამ საკითხს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან ერთსულოვნება სჭირდება, რომ მათ სურთ ეს პერსპექტივა და ეს მიდგომა. იქნება ეს საქართველოში, უკრაინასა თუ მოლდოვაში. ჩემი აზრით, მოცემულ სიტუაციაში ქვეყნები არ უნდა გამოვაცალკევოთ, რადგან საქართველო და მოლდოვა საბედნიეროდ ახლა ომის სიტუაციაში არ არიან, მაგრამ იყო ომი საქართველოში, ვხედავთ შედეგებს; ასევე მოლდოვას აქვს ტრანზნისტრია და მათ მსგავსად, აგრესია უკრაინამდეც მივიდა. ამის გათვალისწინებით, ერთი ბედისწერა გაქვთ, რადგან რუსეთი ყოველთვის ცდილობს ტერიტორიების მძევლებად აყვანას, რომ ქვეყნები დაძაბულობის მდგომარეობაში ამყოფოს. სწორედ ასეთია რუსული პოლიტიკა და სწორედ ამას ვგმობთ ყოველთვის ცხადად. მაგრამ ახლა ახალი რეალობაა, ამიტომ გამბედაობა უნდა მოვიკრიბოთ და შევინარჩუნოთ ერთიანობა და არ ვიყოყმანოთ სანქციებთან მიმართებაში“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.