მიგრანტთა კრიზისის განსახილველად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
ესპანეთის ახლად არჩეულ სოციალისტ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში უმასპინძლა. ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა მიგრანტთა კრიზისი და ევროზონის რეფორმებია.
ემანუელ მაკრონმა ესპანეთის პრემიერთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.
პედრო სანჩესი რბილი მიგრაციული პოლიტიკის მომხრეა. მისი პრემიერად არჩევის პერიოდში, ბოლო ერთ თვეში, ესპანეთმა 800-მდე აფრიკელი მიგრანტი მიიღო, რომლებსაც იტალიის მემარჯვენე მთავრობამ თავშესაფარზე უარი უთხრა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეები იმ საკითხებსაც განიხილავენ, რაზეც ივნისის ბოლოს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ.