მიჩ სემელი - ყალბი ინფორმაცია მსოფლიო მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა
მიჩ სემელი - ყალბი ინფორმაცია მსოფლიო მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა

ყალბი ინფორმაცია მსოფლიო მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და მომხმარებელს სჭირდება სანდო წყარო, სადაც უამრავი სხვა შესაძლებლობით მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, – ამის შესახებ Long Island University-ის პროფესორმა მიჩ სემელმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე, პირადად, „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ მოხმარებისას მივყვები ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩემი აზრისგან განსხვავებულ აზრს აზიარებენ, რადგან მინდა, ახალი ამბავი რაც შეიძლება მეტი წყაროსგან მივიღო. ჩვენ, ყველანი, როგორც მოქალაქეები, კრიტიკულად უნდა ვაზროვნებდეთ და რაც შეიძლება მეტი უნდა გავიგოთ, რათა გავერკვეთ, სანდო წყარო რომელია“, – განაცხადა სემელმა.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, უნდა აარჩიოს თუ არა მედიის საშუალო სტატისტიკურმა მომხმარებელმა ერთი, თუნდაც ძალიან რესპექტაბელური წყარო და მას ენდოს, თუ ალტერნატიული წყაროც უნდა ჰქონდეს, რათა პერსპექტივები შეაჯეროს, მიჩ სემელმა განაცხადა, რომ უმჯობესი მეორე ვარიანტი, ანუ, ალტერნატივის არსებობაა.

„პრობლემა CNN, FOX NEWS ან სხვები კი არ არის, არამედ ის, თუ ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ერთს იყენებ. იგივეა გაზეთებისა და რადიოსადგურების შემთხვევაშიც. ზოგადად, თუ გინდა, ახალი ამბების კარგი მომხმარებელი იყო, სჯობს, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მიიღო“, – განაცხადა სემელმა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, ყალბი ახალი ამბების ფენომენი გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე სოციალური ქსელები.

„სოციალური ქსელები ახალი ამბების მოსასმენად არ გამოუგონებიათ, ისინი უბრალოდ, მეგობრებს შორის ინფორმაციის გაცვლას ემსახურება და დროთა განმავლობაში, ახალმა ამბებმა სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყეს, რამაც ამ პლატფორმების რაოდენობის ზრდა გამოიწვია“, – განაცხადა სემელმა.

ამ განცხადებით მიჩ სემელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გამოიწვია თუ არა პროფესიული ჟურნალისტიკის კრიზისი სოციალურმა ქსელებმა, რადგან მომხმარებელს სანდო წყარო სულ უფრო მეტად სჭირდება, სადაც უამრავი სხვა შესაძლებლობით მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებს და ახალი ამბების გასაგებად მათ სოციალური ქსელები აღმოაჩინეს.