მიჩ სემელი - ბევრ ქვეყანაში მედიაწიგნიერებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვალავს გზას და თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ
ბევრ ქვეყანაში მედიაწიგნიერებას სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვალავს გზას და ამ მხრივ, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ, – განაცხადა Long Island University-ის პროფესორმა მიჩ სემელმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით მიჩ სემელმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი მედიაწიგნიერების მომხმარებლებამდე მიტანის საქმეში და აქვს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ასეთი მისია.
„ამისთვის შეიძლება მომზადდეს გადაცემათა ციკლი, კლიპების ერთობლიობა, შოუები, სატელევიზიო გაკვეთილები, სეგმენტები ახალ ამბებში და ა.შ, რომ მედიის მომხმარებელს კრიტიკული აზროვნება გამოუმუშავდეს. თუ ახალგაზრდებზე ფიქრობთ, ძალიან გამოგადგებათ ციფრული პლატფორმებიც.
ალბათ, ჯობია, იმ პლატფორმებზე მიხვიდეთ, რომლებსაც ახალგაზრდები იყენებენ, რადგან ისინი უფრო დიდ სურათს ხედავენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ლიდერობა თავის თავზე უნდა აიღოს“, – განაცხადა მიჩ სემელმა.