მიჩ სემელი - საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ტრადიციულ ღირებულებებს ეყრდნობა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული
მიჩ სემელი - საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ტრადიციულ ღირებულებებს ეყრდნობა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს, რამდენი მაყურებელი და რამხელა აუდიტორია ეყოლება, უფრო ტრადიციულ ღირებულებებს ეყრდნობა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ Long Island University-ის პროფესორმა მიჩ სემელმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით მიჩ სემელმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რა როლი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ტექნოლოგიებით გაჯერებულ მედიალანდშაფტში და რატომ უნდა იხადონ მოქალაქეებმა ფული იმისთვის, რასაც სხვა ტელეკომპანიები თითქოს, ისედაც აკეთებენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ში დებატები მიმდინარეობს და ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც არ იცვლება ისაა, რომ აშშ-ში ტრადიციულად, თავის ტელევიზიასა და რადიოს მოსახლეობის მხოლოდ 20% იღებს. მათ ან ინტერნეტთან არ აქვთ წვდომა, ან, არ უნდათ, რომ გადაიხადონ და ციფრული, თუ სატელიტური საიტები მათთვის მიუწვდომელია. ეს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია, 60 მილიონი ადამიანი გამოდის და მათთვის სანდო საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ რელევანტური და აქტუალურია, როგორც 50 წლის წინ იყო“, – განაცხადა მიჩ სემელმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, მოუწევს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ დილემის გადალახვა, რომ ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ტელევიზიაა, არამედ საზოგადოებრივი მედიაორგანიზაციაა, რომელიც თავისი მისიის შესასრულებლად ყველა შესაძლო პლატფორმას იყენებს, მიჩ სემელმა განაცხადა, რომ ამ მხრივ, აშშ-ში ლიდერი საზოგადოებრივი რადიოა, რაც იმედისმომცემია, რომ პროცესს არა მხოლოდ კარგად დაფინანსებული კომერციული მაუწყებელი, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებელიც გაუძღვება.