მიჩ სემელი - ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, მაყურებელს მედიასაშუალების დაფინანსებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ჰქონდეს
ჩვენ იგივე მოვლენა არ გვაქვს, პოლიტიკოსები და პარტიები გადაცემას ან არხს პირდაპირ არ უხდიან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, მაყურებელს მედიასაშუალების დაფინანსებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, – განაცხადა Long Island University-ის პროფესორმა მიჩ სემელმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„ჩვენი წესები და პრაქტიკა ამას არ უშვებს, მაგრამ ჩვენ მაყურებელს ვეტყვით, რომ ეს დადგმული იყო, თუ ვთქვათ, რომელიმე კანდიდატმა გადაიხადა, რათა დებატებით მანიპულირება მომხდარიყო. ეს ჩვენს ყველა პროგრამას ეხება. თუ სპონსორმა მაგალითად, სპორტულ, თუ გასართობ პროგრამაში პროდუქტი განათავსა, ამის შესახებ მაყურებელმა უნდა იცოდეს. ასე რომ, გამჭვირვალობა და ინფორმაციის გახსნილობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მით უმეტეს, პოლიტიკური სპონსორი არსებობს“, – განაცხადა სემელმა.
ამ განცხადებით მიჩ სემელმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, თუ დავუშვებთ, რომ CNN-ი, FOX-ი თვითკმარი ბიზნესი არაა და იქ პოლიტიკური ფული ტრიალებს, დააზიანებდა თუ არა ეს ამ ტელეკომპანიების სანდოობას. ამასთან, ირაკლი აბსანძე დაინტერესდა, უმჯობესია თუ არა, მაყურებელმა იცოდეს, რომ ტელევიზიაში რომელიმე პოლიტიკოსის ფული იდება, რაც მას ამ ტელევიზიის მიერ შექმნილ მედიაპროდუქტთან დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გაუმარტივებდა, რადგან საქართველოში მედია შემდგარი ბიზნესი არ არის და არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ მსხვილი ტელეკომპანიები, რომლებიც დღემდე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიღებული პოლიტიკური ფულით ფინანსდებიან და პოლიტიკური გავლენის ქვეშ რჩებიან.