მღვდელმონაზონი ანდრია სარია აცხადებს, რომ პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე საპატრიარქოდან უარი მიიღო
მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებას ითხოვდა.
„საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ გვქონდა, იმ საშინელების შემდგომ, რაც მათ გააკეთეს, თუმცა ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებდით ამ ყველაფრით, რომ არ ვართ დაპირისპირების, შუღლის და ბოროტების მომხრე, არამედ გვაქვს სურვილი, შიგნითვე, ეტაპობრივად მოწესრიგებულიყო ყველაფერი“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.
მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიას ელოდებიან, რომელსაც ეპარქიას გადააბარებენ.
„როდესაც უკვე კონკრეტულად კომისია შეიქმნება და მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მეც ვიქნები კომისიის წევრი, აღწერა, ჩაბარების აქტი, გადაბარება უნდა მოხდეს. ხვალ ჩამოვა კომისია, მე ვარ კომისიის ერთ-ერთი წევრი და შესაბამისად, როდესაც ჩავაბარებთ აქაურობას უკვე მღვდელთმთავარს, რომელიც დროებითი მმართველი იქნება, შემდგომ გადავწყვეტ, რას მოვიმოქმედებ. აქვე ვაკონკრეტებ, რომ ეკლესიიდან წასვლას არ ვაპირებ“,- აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
მისივე განცხადებით, „საპატრიარქო და ხელისუფლება რამდენსაც არ უნდა ცდილობდნენ, მოქალაქეების აქტიური ნაწილი არ დაივიწყებს მეუფე იაკობის მხრიდან გაკეთებულ მარგინალურ განცხადებებს“.
„ვფიქრობ, რომ დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოება მოტივირებულია, რომ პასუხები მიიღოს კითხვებზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ავტორიტეტებზე, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და ვთქვა, რომ არ არსებობს უპირობო ავტორიტეტები. როდესაც კითხვები არის, პასუხება საჭირო“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.