მამა ანდრია ჯაღმაიძე - დანაშაული, რის გამოც მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურება შეუჩერეს, გაცილებით მკაცრ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს
მამა ანდრია ჯაღმაიძე - დანაშაული, რის გამოც მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურება შეუჩერეს, გაცილებით მკაცრ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს

ამდენი ხნის განმავლობაში მამა ანდრია სარიას ეძლეოდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, მოენანიებინა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბრის თვეში კომისიის მიერ მიეცა გაფრთხილება, მისი მხრიდან მოხდა ამ გაფრთხილების სრული იგნორი და იგივე ქმედებები გააგრძელა, რაც გულისხმობს საჯაროდ გაკეთებულ, უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს მიმართ, იერარქების მიმართ. რადგანაც კომისიის შენიშვნის გათვალისწინება არ მოხდა, მისმა მმართველმა მღვდელთმთავარმა, ამ შემთვევაში პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მოთხოვნას, შეხვდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ​საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მანამდე უნდა ეზრუნა პატრიარქთან შეხვედრაზე, ვიდრე საჯაროდ გააკეთებდა ამ განცხადებებს, ,

„თუმცა არ ვიცი, პატრიარქი რას გადაწყვეტს. ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ეძლეოდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რათა მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს, გაცილებით უფრო მკაცრ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს, საერთოდ განკვეთასაც გულისხმობს და ამ ფონზე ეს არის ყველაზე შეღავათიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანების თანახმად, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.