მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალურმა ანკარამ რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება
უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გამწვავებასა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სამხედრო შეჭრის მზარდ საფრთხესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
CNN Turk-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ოფიციალურმა ანკარამ რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მიიღო უარყოფის ცნობები უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრასთან დაკავშირებით.
„ბელარუსული წყაროები აგრეთვე უარყოფენ ბელარუსის გავლით უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუს თქმით, ოფიციალური ანკარა უკრაინაში რუსეთის შეჭრას არარეალურად მიიჩნევს, მაშინ როდესაც კრემლი ნატო-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენ ვცდილობთ დაძაბულობის შემცირებას იმაზე საუბრით, რომ ამ რეგიონში ომი არ იქნება. თურქეთის პოზიცია თავიდანვე მკაფიო იყო. ლავროვს მომავალ ოთხშაბათს შევხვდებით. ორივე მხარე თუ თანახმა იქნება, დიდი სიამოვნებით განვახორციელებთ შუამავლობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.