მევლუთ ჩავუშოღლუ - ვერავინ შეაჩერებს თურქეთს, თუ სირიის არმია აფრინში ქურთების დასახმარებლად შევა
ვერავინ შეაჩერებს თურქეთს, თუ სირიის არმია აფრინში ქურთების დასახმარებლად შევა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, სამხედრო ოპერაციის დაწყება თურქეთის საზღვრებთან ტერორისტული საფრთხის განეიტრალებას ისახავს მიზნად.
„ახლა მთავარი კითხვაა, შევა თუ არა ასადის არმია აფრინში, და თუ შევა რა მიზნით? თუ მათი შესვლის მიზანი ქურთული ჯგუფებისგან ტერიტორიის გაწმენდა იქნება, აქ პრობლემა არ არის. თუ ისინი ტერორისტებს ეხმარებიან, მაშინ ვერავინ შეგვაჩერებს. ეს ეხება აფრინს, მანბიჯს და ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიას“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სირიის სამთავრობო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლების მომხრე „სახალხო ძალები“ აფრინში რამდენიმე საათში შევლენ. ქურთების წარმომადგენელმაბადრან ჯია კურდმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ქურთების სამხედრო ჯგუფები და სირიის მთავრობა აფრინში სასაზღვრო პოზიციებზე ჯარების შეყვანაზე უკვე შეთანხმდნენ. აღნიშნული მანევრის მიზანი, აფრინის რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეზღუდვაა.