მევლუთ ჩავუშოღლუ - სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები კატასტროფის მომტანი იქნება
მევლუთ ჩავუშოღლუ - სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები კატასტროფის მომტანი იქნება

სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები კატასტროფის მომტანი იქნება – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოსკოვში, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყებას უარყოფით შედეგი ექნება არა მხოლოდ იდლიბისთვის, არამედ მთლიანად სირიის მომავლისთვის.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რეგიონში 3.5 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ და შეიარაღებული დაპირისპირება სამოქალაქო მსხვერპლს გამოიწვევს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადიკალური ჯგუფების განეიტრალება, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობა ტერორისტული ჯგუფებისგან უნდა განვაცალკევოთ. იდლიბში დეესკალაციის ზონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით“ – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

იდლიბის რეგიონი სირიის ამბოხებული ჯგუფების ბოლო დასაყრდენია სირიაში, რომელსაც ზურგს თურქეთი უმაგრებს. სირიის სამთავრობო ძალები რეგიონში სამხედრო ოპერაციას გეგმავს.