მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარება სერიოზულია, მაგრამ არა ისეთი საშინელი, როგორადაც დასავლეთში ცდილობენ წარმოჩენას
უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება ურტყამს უკრაინას და მის ეკონომიკას. ამგვარი „მეგაფონური დიპლომატია“ არ ამცირებს დაძაბულობის დონეს რეგიონში და შორს არის რეალობისგან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
თურქი მინისტრის თქმით, ანკარამ თავისი შუამავლობის ძალისხმევით იცის, რომ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა არ იქნება.
„ამავდროულად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ესკალაციის დონის შემცირების და ნდობის ატმოსფეროს შექმნის ნაბიჯები. სიტუაცია არ არის ისეთი საშინელი, როგორსაც დასავლეთში ცდილობენ, წარმოაჩინონ, მაგრამ სერიოზულია“, – თქვა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთი, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, ეწინააღმდეგება დაპირისპირების ახალ რაუნდს რეგიონში, სადაც ისედაც ბევრი კონფლიქტია.
„ვისაც სურს მშვიდობა და სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება რეგიონში, უნდა დაიცვას დაბალანსებული პოლიტიკა“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.