მევლუდ მელაძე - ესტაკადების მშენებლობა არის საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი
მევლუდ მელაძე - ესტაკადების მშენებლობა არის საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი

ესტაკადების მშენებლობა არის საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი, – ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ექსპერტმა სატრანსპორტო საკითხებში, მევლუდ მელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ხშირ შემთხვევაში ამბობენ, ბეტონად ხომ არ გადავაკეთებთ მთელ ქალაქს, ამ ესტაკადების აშენება სწორი არ არისო, მე კი იმ ხალხს, ვინც ამ აზრს ემხრობა, აქვე პასუხს გავცემ, რომ ჩემი აზრით, ქალაქის ბეტონად გადაკეთება სწორედ ის არის, კორპუსები რომ შენდება და შენდება და არა ის, რომ გზები ერთმანეთს ავაცილოთ. ხშირად მოჰყავთ ასევე ევროპული ქვეყნების დედაქალაქების მაგალითები და დიახ, იქ ეს ასეა. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ყველგან ყველაფერს ვაკვირდები და იქ გზებს, სადაც გამოუვალი სიტუაციაა, ერთმანეთს შრეებად აცილებენ“, – განაცხადა მელაძემ.

მელაძემ ასევე აღნიშნა, რომ შუქნიშნებზე განსაკუთრებული გართულება აქვს, რადგან თუნდაც ერთი ავტომობილის გაჩერება ერთით მეტ შეფერხებას ნიშნავს.

„პარიზის მაგალითი მოვიყვანოთ, ქალაქის ქვეშ გადის მთლიანი გვირაბი, სადაც შუქნიშანი საერთოდ არ არის, რომ გამტარი იყოს და იმ უბანში, სადაც მძღოლს უნდა, რომ ამოვიდეს, ამოსვლა შეუძლია. ჩვენთან ასეთი იყო სანაპირო, რომელსაც არ ჰქონდა შუქნიშანი. შუქნიშნებზე განსაკუთრებული გართულება მაქვს, რადგან ერთი ავტომობილის გაჩერება ერთით მეტ შეფერხებას ნიშნავს“, – განაცხადა მელაძემ.

მისი თქმით, სადაც არის იმის შანსი, რომ გზები ერთმანეთს შრეებად ავაცილოთ, ეს უნდა გაკეთდეს.

„ამის კარგი მაგალითია იპოდრომთან გაკეთებული ესტაკადა, სადაც სულ იყო საცობი და დღესდღეობით, საცობი არ არის. ანუ, ერთადერთი ადგილია, სადაც საცობი საერთოდ აღარ არის. ეს არის ადგილი, სადაც შუქნიშნის მაგივრად გაკეთებული იქნა აცდენა. ბევრი ასეთი კვანძი არსებობს და თუ გვაქვს ერთიანი გეგმა, რასაც მივყვებით, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოხდეს ხალხის გადასვლა და ა.შ, ამ გეგმამდე მისასვლელი გზა გასავლელი გვაქვს, ხოლო თუ ჩვენი ცხოვრება ამ გზას არ ეყო, მაშინ ამ გეგმას აზრი არ აქვს“, – განაცხადა მელაძემ.

ამასთან, მელაძემ განაცხადა, რომ bus lane-ების გამოყენება უფრო ფართოდ შეიძლება.

„ევროპაში თითქმის ყველა დედაქალაქში bus lane-ებზე მოძრაობენ ტაქსებიც, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ ტაქსის სტატუსი, რადგან მათ უწევთ მგზავრის ჩასმა და გადმოსმა. მაგალითად, ჭავჭავაძეზე თუ გაჩერდება ტაქსი და bus lane-ზე არ გადავა, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მოძრაობას ჩაკეტავს და ასეთი არის ახლა დიდ დიღომში. იქ ტაქსებიც რომ მოძრაობდნენ bus lane-ის ზოლში, ეს მოძრაობას განმუხტავდა. ყველას გვახსოვს, რომ დიდ დიღომში სულ ცოტა ხნის წინ არ იყო საცობი და როდესაც bus lane-ები გაჩნდა, საცობიც გაჩნდა“, – განაცხადა მელაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, არსებობდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფები, რომლებსაც ყველგან მწვანე აქვთ და ძალიან სწრაფად მოქმედებენ, რათა ლოკალურ ადგილებში, სადაც მოძრაობის პრობლემა წარმოიქმნება, გადაწყვეტილება მყისიერად იქნას მიღებული და პრობლემა გადაჭრილი.