შალვა ოგბაიძე - მიმდინარე კვირის ორშაბათს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 1 100 000-მდე მგზავრი გადაიყვანა, კოლაფსი მაშინ უნდა გვენახა, ამას მომზადებული რომ არ შევხვედროდით
შალვა ოგბაიძე - მიმდინარე კვირის ორშაბათს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 1 100 000-მდე მგზავრი გადაიყვანა, კოლაფსი მაშინ უნდა გვენახა, ამას მომზადებული რომ არ შევხვედროდით

მიმდინარე კვირის ორშაბათ დღეს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 1 100 000-მდე მგზავრი გადაიყვანა და კოლაფსი მაშინ უნდა გვენახა, ჩვენ რომ ამას მომზადებული არ შევხვედროდით, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა იყო და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ერთ მაგალითს გეტყვით – ამ კვირის ორშაბათ დღეს მგზავრთა გადაყვანის აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოიხსნა. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 1 100 000-მდე მგზავრი გადაიყვანა ერთ დღეში. კოლაფსი მაშინ უნდა გვენახა, ჩვენ რომ ამას მომზადებული არ შევხვედროდით. ჩვენ რომ ამ პრობლემის „გადაფორვარდების“ რეჟიმში დავრჩენილიყავით, ხვალ არა და ზეგ გავაკეთებთთქო, კოლაფსი მაშინ უნდა გვენახა“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, მოძრაობის შეფერხებას გარკვეულწილად, მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებაც იწვევს, მაგრამ ეს სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან ათწლეულების განმავლობაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არავის შეუცვლია.

„ასფალტის დაგება ყველაზე მარტივია, ბიჭობა არის იმის ქვემოთ შეკეთება და ამ საქმეს ქართველებმა საშვილიშვილო საქმე დაარქვეს. ეს მართლაც რამდენიმე თაობისთვის არის გაკეთებული და ამის გარეშე უბრალოდ არ გამოვა. მერიის ნებისმიერი შემადგენლობა და თვითმმართველობა კრიტიკის ობიექტი უნდა გახდეს მაშინ, როდესაც ასფალტს გადააგებს და ქვემოთ არ შეცვლის იმ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, რადგან გადათხრა და შეკეთება შემდგომ ორჯერ და სამჯერ ძვირი გვიჯდება. ამ პრაქტიკას აღარ უნდა მივუბრუნდეთ. კახა კალაძეს ნათქვამი აქვს, რომ ყველაფერი ისეთ დონეზე უნდა გაკეთდეს, ათწლეულებს გაუძლოსო“, – განაცხადა ოგბაიძემ.

ამასთან, შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, საცობებისგან განტვირთვისთვის გამოსავალი არის დედაქალაქის სწორი ურბანული განვითარება, ხარისხიანი მიწისქვეშა კომუნიკაციების გაკეთება, ხარისხიანი გზების დაგება, სატრანსპორტო პარკის შენახვა-განვითარება, ჭკვიანი შუქნიშნების დაყენება და ა.შ, რაც ეტაპობრივად კეთდება.