მეუფე სტეფანე - იყო მცდელობა, ჭყონდიდის ეპარქიის ინციდენტთან დაკავშირებით, საშინელ მონსტრად და დამნაშავედ გამოვეყვანეთ
იყო მცდელობა, ჭყონდიდის ეპარქიის ინციდენტთან დაკავშირებით, საშინელი მონსტრი და დამნაშავე გამოვეყვანე, სინამდვილეში, მხოლოდ კრება ჩავატარე. არავის მიმართ არანაირი აგრესია არ ყოფილა, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეუფე სტეფანემ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა 8 მარტს ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
„ეს იყო სამღვდელოების სხდომა, სადაც შიდა ვითარებაში გარკვეულწილად იყო გაცნობა, ურთიერთობების გარკვევა, ვინ რა პოზიციაზეა და რას აკეთებს. ერთი ვიცოდი, რომ იყო რაღაც ჯგუფი, რომელსაც განზრახული ჰქონდა კითხვების დასმა, რომელიც მანამდე ბევრჯერ დამისვეს და კითხვებზე პასუხი უნდოდათ. შევეცადე კითხვებზე პასუხი, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე კრების საშუალებით გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო. უკეთესი ტრიბუნა სად შეიძლება, რომ გქონდეს ადამიანს, თუ არა სამღვდელოების კრება, როდესაც შიდა საკითხები გაქვს გასარკვევი. დავიწყეთ კრება, ვისაუბრეთ, კითხვები დასვეს, პასუხები არ უნდოდათ, რომ მოესმინათ. დაიწყო წივილი, კივილი, ყვირილი. აბსოლუტურად, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არავითარი შიდა დაპირისპირება ფიზიკური ჩხუბის სახით არ ყოფილა. იყო სიტყვიერი ერთმანეთის მიმართ.
მაქსიმალურად ვცდილობდი, დამემშვიდებინა ყველა და მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ეს ურთიერთობა. შემდეგ უკვე რაღაც სიგნალი მიეცა შიგნიდან, გარედან და უკვე ერთობლივი შემოტევა წავიდა. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა ხალხის გარკვეული ნაწილი. ხალხი, რომელიც მოყვანილი იყო იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კრებაზე ჩხუბობდნენ. მერე მათი ხმის აწევა და იმათი ყვირილი შეერწყა ერთმანეთს, წავიდა ფანჯრების მტვრევა, გააღეს კარი, გადაცვივცდნენ. მერე უნდოდათ, რომ ეს ჩემთვის დაებრალებინათ, რომ ჩემი ლოცვა-კურთხევით ვინმე იქ დაზიანდა, რომ მე ვუთხარი, დაეტაკეთ კარს, გადაყარეთ ისინი და ასე შემდეგ. იყო ისეთი მცდელობა, რომ მე რომ არ მქონოდა შიდა კადრები რეალურად რაც ხდებოდა, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა რამდენიმე ტელევიზიამ, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად.
სხვათა შორის, მე მაქვს ყველა საინფორმაციო გადაცემა, რომელიც 8 მარტს გავიდა, „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“ და სხვების. იქ ჩანს მიკერძოება. ხმა და კადრები განსხვავებული იყო და ედებოდა ერთმანეთს. მანიპულაციები ხდებოდა და საბოლოო ჯამში, გამოვყავდი მე როგორც საშინელი მონსტრი და დამნაშავე. სხვათა შორის, მერეც გაგრძელდა ეს ტენდენცია ჩემი მონსტრად გამოყვანისა. სინამდვილეში მხოლოდ კრება ჩავატარე, ჩემგან არ ყოფილა არავის მიმართ არანაირი აგრესია“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 8 მარტს მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვდა, რომ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანეს ეპარქია დაეტოვებინა.