მეუფე სტეფანე - ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა
ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავად არავის ებრძვის და ყველასთვის სიკეთე სურს.
„გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ, მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ, არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება, ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა, რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და მიეცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მათავარანგელოზებმა მისცენ მათ მადლი, რომ ეს გააკეთონ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ მოსკე-წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, მეუფე სტეფანეს იქ განკვეთილი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი პროტესტით დახვდნენ.
„სტეფანეს ლოცვა ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ის არის ურწმუნო ადამიანი, ნამუსგარეცხილი. მასში ღმერთი არ არის. მან რომ ბერებს გაუკეთა, მტერს არ გაუკეთებენ. ენით აუღწერელი სიავე გაგვიკეთა. რაც შეეხება ჩოხოსნებს, არ გვაგდებენ და რაღაცა. ჩვენ გაგდების კი არ გვეშინია, შეგვიძლია, დღესაც წავიდეთ. ჩვენ წასვლაზე არ გვაქვს პრეტენზია. გვინდა, რომ ღვთის წინაშე ამათ ფარდა ჩამოვხადოთ. რა სიბინძურეც არსებობს საპატრიარქოში და სტეფანესნაირ ეპისკოპოსებში, ამათ ფარდა უნდა ჩამოვხადოთ. ჩვენი მიზანი არის, რომ ქართველმა ხალხმა გამოიღვიძოს და სინათლის წყარო გაჩნდეს ამ ადამიანებში. ამ დისკომფორტს ჩვენ მას არასდროს მოვუხსნით, სულ დისკომფორტში იქნება სტეფანე ამის გამო“, – აღნიშნა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა მამა დანიელ გვილავამ.