მეუფე შიო - წმინდა გიორგის ცხოვრება არის ერთგვარი მოწოდება, გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში, შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში
ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს შეეწეოდა, ამიტომ გვაქვს განსაკუთრებული სასოება და სიყვარული მის მიმართ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ გიორგობას. გადმოგცემთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, დალოცვას, შეგვეწიოს მისი მადლი, ლოცვა და ჩვენც მივულოცოთ მას ეს შესანიშნავი დღე. ვუსურვოთ მას, მისი ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით სრულიად საქართველოს გადარჩენა, შეწევნა და აღორძინება“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ამასთან, მეუფე შიომ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს საოცარი დღეა. ქართველებისთვის განსაკუთრებული მფარველი გახლავთ წმინდა გიორგი, ვინაიდან ჩვენ ერს, ისტორიის მანძილზე ყოველთვის უწევდა უთანასწორო ბრძოლა. უთანასწორო ბრძოლაში ძალიან ხშირად ვიმარჯვებდით არა ადამიანური ძლიერებით, არამედ ღვთის შეწევნით. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი შეეწეოდა ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს, ამიტომაც გვაქვს განსაკუთრებული სასოება და სიყვარული მის მიმართ. შეიძლება ითქვას, ეს უთანასწორო ბრძოლა დღესაც გრძელდება და ყოველთვის იყო, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. სულიერი ბრძოლაც ხომ უთანასწოროა“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, „წმინდა გიორგი ჩვენ ყოველთვის გვამხნევებს, რომ შესაძლებელია სულიწმინდის მადლით ბოროტების დამარცხება“.
„წმინდა გიორგიც ხომ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის გველეშაპი, რომელი მან განგმირა. ჩვენს ხატებზე ის გამოსახულია, როგორ მხნე, ვაჟკაცი რაინდი, რომელიც კლავს, გმირავს ამ გველეშაპს და გადაარჩენს ქალწულს, დიდებულის ქალიშვილს. დღეს ვფიქრობთ ამ ხატებაზე, თუ რაოდენ ახლოსაა ჩვენს ცხოვრებასთან, როგორ ჰგავს ის ადამიანის ცხოვრებას, რადგან ბოროტება უმეტესად გარეთაა, მაგრამ ჩვენს შიგნითაც არის ბოროტება და უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენში ის კეთილი მხარე, რომელიც დაიცვა წმინდა გიორგიმ. რა არის ღვთისა, რა არის ის, რაც უნდა შევიდეს სასუფეველში, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ეს არის კეთილშობილება, სიწმინდისკენ სწრაფვა, ღმერთისკენ სწრაფვა და ბევრი სიკეთე, რომელიც ჩვენშია ჩადებული. არის მეორე მხარე – ბოროტიც. ეს არის ჩვენი დაცემული ბუნება, ბოროტი სულები და ბოროტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მოსპონ ეს ყველაფერი – ყველაფერი კარგი ჩვენში, ჩვენს შინაგან, ოჯახურ და საერო ცხოვრებაში, რომ განადგურდეს ყოველივე სიკეთე. ყოველივე ღვთაებრივი, ამაღლებული და აღმატებული.
ჩვენში არის ის რაინდული სულიც, რომელიც მზად არის, ამხედრდეს და საბრძოლველად გამოვიდეს, რომ დაიცვას ეს სიწმინდე და შეებრძოლოს ბოროტებას, ჩვენს გულშიც და გარეთ ცხოვრებაშიც. ამ ყველაფერზე ვფიქრობთ დღეს და ეს წმინდა გიორგის პიროვნება, მისი ცხოვრება არის ერთგვარი მოწოდება ჩვენთვის, რომ გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში. ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს, რომ ამ ბრძოლაში, როგორც მან გაიმარჯვა და განგმირა გველეშაპი, ჩვენს ცხოვრებაშიც გაიმარჯვოს იმ წმინდა და კეთილმა ნაწილმა, რომელიც არის ღმერთის მიერ შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად. სულიწმინდის მადლის გარეშე, შეუძლებელია ამ ბრძოლის წარმართვაც და ამ ბრძოლაში გამარჯვებაც“, – განაცხადა მეუფე შიომ.