მეუფე შიო - უწმინდესმა გვითხრა, რომ სიყვარულია მთავარი ძალა, მის გარეშე ლოცვას ვერ შევძლებთ და ვერც ცოდვები მოგვეტევება
წინა კვირას უწმინდესმა გვითხრა, რომ სიყვარულია მთავარი ძალა. ამის გარეშე ლოცვას ვერ შევძვლებთ და ვერც ცოდვები მოგვეტევება. ცოდვა რომ მოგვეტევოს, მადლი უნდა შემოვიდეს ადამიანში. მადლი ადამიანის ლმობიერი, თავმდაბალი, ურისხვო გულიდან შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს.
„დღეს ვიხსენიებთ ღირს დედას მარიამ ეგვიპტელს. მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა, მოლოცვა და დალოცვა. დღეს არის მარიამ ეგვიპტელის ხსენება როგორც ნიმუშისა სინანულის, სიყვარულის, უფლის მადლიერების. თქვენ იცით მისი ცხოვრების შესახებ. ის ეგვიპტეში არა წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს, მან ტაძარში შესვლა მოისურვა. როდესაც კარიბჭესთან მივიდა, იგრძნო ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, არ უშვებდა ტაძარში. მან რამდენჯერმე სცადა შესვლა, მაგრამ ეს ძალა კვლავ აკავებდა. შემდეგ ღირსი მარიამი შეევედრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სთხოვა მას შენდობა და შეწევნა, რათა მისულიყო მის წმინდა ხატთან. როდესაც მაგდალინელმა ეს თქვა, ტაძარში შესვლა შესძლო და ხატსაც ემთხვია. როდესაც გამოვიდა ტაძრიდან, სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება. წავიდა უდაბნოში. მთელი სიცოცხლე მიუძღვნა უფლის მსახურებას, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასკეტი მოღვაწე. იმდენად მნიშვნელოვანია იგი, რომ შუა მარხვაში მისი ხსენების დღეა. ესაა ნიმუში, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს და სინანულს. თუ როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უფლის მადლიერების ნიმუში.
გახსოვთ, წინა კვირას უწმინდესმა რა გვითხრა, რომ სიყვარულია მთავარი ძალა. ამის გარეშე ლოცვას ვერ შევძვლებთ და ვერც ცოდვები მოგვეტევება. ცოდვა რომ მოგვეტევოს, მადლი უნდა შემოვიდეს ადამიანში. მადლი ადამიანის ლმობიერი, თავმდაბალი, ურისხვო გულიდან შემოდის.
დღეს ასევე დიდი დღეა ჩვენი დედაეკლესიისთვის. ესაა ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. თქვენ იცით, ჩვენ 100 წელზე მეტხანს გვქონდა წართმეული ჩვენი ავტოკეფალია და ჩვენმა დიდმა მამებმა პატრიარქებმა შესძლეს და მათი ძალისხმევით, 1917 წლის 25 მარტს აღდგა ავტოკეფალია. კიდევ ერთხელ მათი სულების მოსახსენებლად გადავიხდით პანაშვიდს“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო ტაძარში შეკრებილებს წარმატების ქრისტიანულ გაგებაზე ესაუბრა.
„ქრისტიანებს შორის ძალიან გავრცელებულია, რომ ისეთივე მისწრაფებები გვაქვს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ბავშვებს ვზრდით, რომ წარმატებულები იყვნენ, ლიდერები იყვნენ, ჩვენში არის ეს მისწრაფება, რომ ხელმწიფება ჰქონდეთ, პირველობა ჰქონდეთ და სხვები ემსახურებოდნენ მათ. უფალი ამბობს, რომ ასე ნუ იქნება.
ახლა გავრცელებულია სიტყვა წარმატება, წარმატებული ადამიანი. სახარება ამბობს, რომ ის წარმატება, რომელიც სოფელსა ამას დღეს ესმის, სინამდვილეში არის წარუმატებლობა სახარების თვალსაზრისით.
უფალი ამბობს, რომ საშუალო წარმატება, სახარების თვალსაზრისით, არის – იყო ყველას მსახური. ეს არ არის დიდი წარმატება, საშუალო წარმატებაა.
მსახური ვინ არის? ვინც არ არის სრულად მიჯაჭვული პატრონზე და ბატონზე. მას თავისუფალი დრო აქვს, საღამოს სახლში მიდის, თავისი ოჯახი ჰყავს. ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, უნდა იყოს ყველას მონა. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ასეთი?! ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ, ქრისტიანებს გვაქვს ისეთივე ლტოლვა, ისეთივე სურვილები, ისეთივე მისწრაფებები, როგორიც სხვას ყველას.
გვინდა, რომ ჩვენი კერპი, რომელიც ჩვენი თავისგან გვაქვს შექმნილი, შევინახოთ, ველოლიავოთ, გავწმინდოთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.