მეუფე შიო - უფალმა ინებოს, წმინდა გიორგის ლოცვით თითოეულმა ჩვენგანმა დაამარცხოს ბოროტება, რომელიც ჩვენშია, რათა ერი გადარჩეს და გაძლიერდეს 
მეუფე შიო - უფალმა ინებოს, წმინდა გიორგის ლოცვით თითოეულმა ჩვენგანმა დაამარცხოს ბოროტება, რომელიც ჩვენშია, რათა ერი გადარჩეს და გაძლიერდეს 

უფალმა ინებოს, წმინდა გიორგის ლოცვით თითოეულმა ჩვენგანმა დაამარცხოს ბოროტება, რომელიც ჩვენშია, რათა ერი გადარჩეს და გაძლიერდეს, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და მრევლს გიორგობა მიულოცა.

„დღეს არის დიდმოწამე გიორგის ხსენება, რომელიც არის ჩვენი ერისთვის განსაკუთრებულად საყვარელი წმინდანი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, დალოცვას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა. წმინდა გიორგი იმდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის, რომ როგორც იცით, ჩვენს სახელმწიფო გერბზეც არის გამოსახული, როგორც ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ერის. დღეს ვფიქრობთ იმაზე, რა თვისებებით განდიდდა ესოდენ ჩვენს ქვეყანაში, მეხსიერებასა და წმინდა ეკლესიაში. ვიხსენებთ მის ცხოვრებას, წამებას. პირველ რიგში, ალბათ იმით, რომ მან ჰპოვა ჭეშმარიტება. ჭეშმარიტი გზა. მან მოწამეობა დაითმინა ჭეშმარიტებისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ამასთან, მისი თქმით, დამკვიდრდა აზრი, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ჭეშმარიტება და აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა და დამღუპველი ცდომილებაა.

„სამწუხაროდ, დღეს ხშირად ისმის და უკვე დამკვიდრდა ასეთი აზრი, რომ ჭეშმარიტება არ არის ერთი, არამედ მრავალნაირია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დამღუპველი ცდომილება, რადგან სინამდვილეში ჭეშმარიტება ერთია. როდესაც ადამიანური სიმართლე ამ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, ეს უკვე სიმართლე აღარ არის, არამედ სიცრუეა და გამოდის, ადამიანები ღმერთის ჭეშმარიტების ნაცვლად ემსახურებიან ადამიანურ სიმართლეს. ვის ცნობიერებაში წარმოიშვა, ვის გონებაში გაჩნდა ასეთი აზრი. რომლებმაც უარყვეს ღმერთი და ცდილობენ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდანაც უარყონ და გააძევონ.

ვფიქრობთ, რატომ არის ჩვენი ერისთვის ამდენად ძვირფასი წმინდა გიორგი. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ამ ჭეშმარიტებას იცავდა. ამიტომ არის წმინდა გიორგი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი, ამიტომ მფარველობდა ყოველთვის ქვეყანას. ჩვენთვის წმინდა გიორგის ხსენება არის მოწოდება, რათა გამოვიდეთ ბოროტებასთან საბრძოლველად. ეს ბოროტება გარეგნულიც არის, ცხოვრებისეულიც, მაგრამ ყველაზე დიდი ბოროტება და ყველაზე რთულად დასაძლევი არის ჩვენს სულსა და გულში. ამისთვის საბრძოლველად არის მოწოდებული ადამიანი, რათა ღმერთს შეურიგდეს და ჰპოვოს მარადიული სიხარული, სასუფეველი დაიმკვიდროს ამ ცხოვრებაშივე, რაც იყო უფალი იესო ქრისტეს მობრძანების მიზანი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს, წმინდა გიორგის ლოცვით, როგორც მან დაამარცხა გველეშაპი და გადაარჩინა ქალწული დიდებულის ასული, ასევე ჩვენმა ერმა და ყოველმა ჩვენგანმა დაამარცხოს ბოროტება, რომელიც ჩვენში არის, რათა ერი გადარჩეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.