მეუფე შიო - უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ცხოვრება, რომ სულის კარი გავუღოთ სულიწმინდის მადლის მოქმედებას და გვახსოვდეს, ეს არის ჩვენი მარადიული ცხონების საწყისი
გილოცავთ გიორგობას და უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენი სულის კარი გავუღოთ სულიწმინდის მადლის მოქმედებას და გვახსოვდეს, რომ ეს არის ცხოველსმყოფელი სული, წყარო და ჩვენი მარადიული ცხონების საწყისი, – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება მიმდინარეობს.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა. დღეს არის გიორგობა. წმინდა გიორგის მიცვალების, გარდაცვალების დღე. განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ დღეს დაემთხვა ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი. დღეს წაკითხული იყო ორი სახარება და ორივე სახარებაში ისე ემთხვევა, რომ იესო ქრისტე საუბრობს სულიწმინდის შესახებ.
როგორც იცით, თითქმის ექვსი თვის განმავლობაში აწამებდნენ წმინდა გიორგის და ერთხელ მას მოესმა მაცხოვრის ხმა, ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარ. მის უწმინდესობას და მის უნეტარესობას არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ხმა ჩვენს ერს მთელი ისტორიის განმავლობაში ესმოდა, დღესაც ესმის და ისმის კითხვა, რა ძალით შეიძლება, იყოს ჩვენთან იესო ქრისტე? რას ნიშნავს მე შენთან ვარ? როგორ ვარ, რით ვარ? რა ძალით ვარ? ამაზე პასუხი დღევანდელ სახარებაში არის, რომ იგი არის ჩვენთან სულიწმინდის მადლითა და სულიწმინდის ძალით.
უფალთან მიდის, სახარებაში გადმოცემულია მისი საუბარი ნიკოდიმოსთან, რომელიც იყო სინედრიონის წევრი, მაშასადამე, იყო ერთ-ერთი ერის მთავართაგანი და ღიად ვერ მიდიოდა უფალთან. ამიტომ ღამღამობით ეწვეოდა ხოლმე მას. მასთან ასეთი საოცარი დიალოგია, სადაც უფალი იესო ქრისტე ამბობს, ვინც არ დაიბადება წყლისაგან და სულისაგან, ის ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. აქ, რა თქმა უნდა, იგი საუბრობს ნათლისღების საიდუმლოების შემდგომში დაარსებასა და მირონცხებაზე, როგორც სულიწმინდის მადლის მინიჭებაზე, მაგრამ არა მხოლოდ ამაზე, აქ საუბარია სულიწმინდაზე, როგორც მარადიული ცხოვრების წყაროზე, წმინდა მამები ამაზე მსჯელობდნენ ხოლმე, მრავალს წერდნენ და ამბობდნენ, რომ სულიწმინდა არის მარადიული ცხოვრების წყარო და საწყისი. როგორც მატერიალურ სამყაროში ყველაფერს აქვს ენერგიის წყარო, მის გარეშე ვერ იარსებებს ვერც დედამიწა, ვერც ადამიანის სხეული, რომელსაც სჭირდება საკვები, წყალი, ჰაერი. ყველაფერს სჭირდება ენერგიის წყარო. ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის ასეთი წყარო გახლავთ სულიწმინდის მადლი. მის გარეშე ადამიანი ვერ იმკვიდრებს მარადიულ ცხოვრებას, ვერ ცხონდება.
მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი წერს, რომ ადამიანის ვნებებსა და ცოდვებს შეუძლიათ, დახურონ კარი, საიდანაც შემოდის სულიწმინდა და მაშინ არანაირი მარადიული ცხოვრება და არანაირი სასუფეველი სულისთვის აღარ იქნება. ამაზე გვაფიქრებს დღეს დღევანდელი სახარება. მათ შორის წმინდა ბასილი დიდი იყენებს ასეთ ტერმინს ბერძნულად, რომელსაც ეწოდება სინერგია. ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხშირად გვახსენებს ამას, რომ იმისთვის, რომ სულიწმინდა მოვიდეს, საჭიროა ორი ენერგიის, ორი ნების თანხვედრა, ღმერთის ენერგიის, მისი ყოვლისშემძლეობისა და ადამიანის თავისუფალი ნებისა. ეს თანხვედრა ქმნის ადამიანის სულიერ გადარჩენას.
სახარებაში არის იესო ქრისტეს სიტყვები, სადაც ამბობს, რომ სულს სადაც სურს, ქრის და გვესმის მისი ხმა, მაგრამ საიდან მოდის და სად მიდის, არ ვიცითო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეს ხმა გვესმის, სულის ხმა, იმიტომ ვართ ჩვენ აქ. ბოლოს დასძენს უფალი ამავე მონაკვეთში, რომ ასე ემართება ყველას, ვინც სულისგან ნაშობიაო. ჩვენი ერიც მთელი ისტორიის განმავლობაში, რაც მოინათლა, არის ნაშობი სულისაგან და ჩვენ გვესმის ეს ხმა სულისა. გვესმის წმინდა წერილში, წმინდა ეკლესიის ღვთისმსახურებაში და ისეთი დიდი მოღვაწეების ღვაწლსა და ცხოვრებაში, როგორიც ბრძანდება წმინდა დიდმოწამე გიორგი. ეს სულიწმინდის ხმა გვესმის ჩვენ, ამიტომ ვეთაყვანებით, ვევედრებით მათ და ამიტომ ვგრძნობთ მათ შეწევნას. რა თქმა უნდა, გვესმის სულიწმინდის ხმა აღდგომის სიხარულში. გილოცავთ გიორგობას და უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენი სულის კარი გავუღოთ სულიწმინდის მადლის მოქმედებას და გვახსოვდეს, რომ ეს არის ცხოველსმყოფელი სული, წყარო და საწყისი ჩვენი მარადიული ცხონების. ქრისტე აღდგა“, – განაცხადა მეუფე შიომ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედარმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.