მეუფე შიო - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა, – ამის შესახებ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მისულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.
„ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ცხედრის დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება. ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გადმოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, რომ ქრისტიანულად დაკრძალოს. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ვლოცულობთ, რომ მოხდეს დაბრუნება ამ ოკუპირებული და დაპყრობილი ტერიტორიების“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო წილკანში რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ჩავიდა. როგორც მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვა, სანუგეშო სიტყვები გადასცეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევდა.