მეუფე შიო - სულ უფრო მეტად გაისმის ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონების მოწოდებები
ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო და სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამაღლების დღესასწაული ოჯახის სიწმინდის დღეს დაემთხვა. მეუფემ აღნიშნული დღის დადგენისთვის პატრიარქს მადლობა გადაუხადა და ოჯახის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამაღლების დღესასწაული დაემთხვა ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც მისმა უწმინდესობამ დაგვიდგინა, როგორც ეროვნული ზეიმი და ჩვენ ყველანი მას მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისე იყო საჭირო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ვინაიდან ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო, სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია, ამიტომაც დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებები და რატომ? იმიტომ რომ, რასაც უკავშირდება ამაღლება“, – აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.
მისი შეფასებით, ოჯახი უბრალო ინსტიტუტი არ არის, არამედ ყოფიერების ფორმაა, რომელიც ღმერთმა შექმნა.
„ეს არის გზა, უმთავრესი გზა საერო პირისთვის, ეს არის ოჯახური ცხოვრება. ღმერთმა როდესაც შექმნა ადამიანი, ადამიც და ევაც ოჯახად შექმნა. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ამბობენ, ეს არის ის ფორმა ყოფიერების, რომელიც ღმერთმა შექმნა. ამიტომ ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა ეს არის ღმერთთან ბრძოლა, ეს არის ადამიანის ამაღლებასთან ბრძოლა, ეს არის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს, რომ არასდროს დავთმოთ ეს სიწმინდე და შევინარჩუნოთ. ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.