ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ეს არის ადამიანის ამაღლებასთან, განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ამაღლების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენი ეკლესიის უდიდესი დღესასწაული. მსურს გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და დალოცვა. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე – იესო ქრისტემ ზეცად ამაღლებით ჩვენ გაგვიხსნა ზეცა. გილოცავთ დღევანდელ დღეს.
ამაღლებას კიდევ მეორე მნიშვნელობა აქვს, უფლის ამაღლებით აღსრულდა ის დანიშნულება, რომლისთვისაც ადამიანი იყო შექმნილი დასაბამიდანვე. თავისი ზეცად აღსვლით ადამიანის ბუნება არის თანაზიარი ძე ღმერთის ხელმწიფების და დიდების. უფალმა ინებოს ჩვენი ერის ამაღლება“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
ამასთან, როგორც მეუფე შიომ განმარტა, ამაღლების დღესასწაული დაემთხვა ოჯახის სიწმინდის დღეს. მისი თქმით, როგორც არასდროს, ისე იყო საჭირო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო.
„ამაღლების დღესასწაული დაემთხვა ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც მისმა უწმინდესობამ დაგვიდგინა, როგორც ეროვნული ზეიმი და ჩვენ ყველანი მას მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისე იყო საჭირო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ვინაიდან ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო, სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია, ამიტომაც დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებები და რატომ? იმიტომ რომ, რასაც უკავშირდება ამაღლება“, – თქვა პატრიარქის მოსაყდრემ.
როგორც მან აღნიშნა, უმთავრესი გზა საერო პირისთვის ოჯახური ცხოვრებაა, ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა კი, ღმერთთან ბრძოლაა.
„ეს არის გზა, უმთავრესი გზა საერო პირისთვის, ეს არის ოჯახური ცხოვრება. ღმერთმა როდესაც შექმნა ადამიანი, ადამიც და ევაც ოჯახად შექმნა. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ამბობენ, ეს არის ის ფორმა ყოფიერების, რომელიც ღმერთმა შექმნა. ამიტომ ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა ეს არის ღმერთთან ბრძოლა, ეს არის ადამიანის ამაღლებასთან ბრძოლა, ეს არის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს, რომ არასდროს დავთმოთ ეს სიწმინდე და შევინარჩუნოთ. ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.