ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს, რომ, მისი შეწევნით, თქვენ უკვე ორმოცდახუთი წელია, მუხლჩაუხრელად და ღირსეულად აღასრულებთ ამ დიდ მისიას. მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მართლაც მოწამებრივი მსახურება ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა, რომელმაც, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავი მიულოცა.
მეუფე შიომ ქადაგებისას წმინდა სინოდის მღვდელმთავართა მისალოცი წერილი წაიკითხა.
მეუფე შიოს თქმით, ადამიანური სითბო და თანაგრძნობა, გულმოწყალება და სიყვარული, სიმშვიდე და თავმდაბლობა, რომელსაც პატრიარქი მოყვასთან ურთიერთობაში მუდამ ავლენს, ის უხილავი ძალაა, რომელმაც მრავალი ადამიანის გული გაათბო და ეკლესიის წიაღში მიიყვანა.
„დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებიდან ორმოცდამეხუთე წლისთავი და გადმოგცემთ მის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა. დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ნადიმზე მოწვეულთა შესახებ. მათეს სახარებაში საქორწინო ნადიმი, სიძის ქორწილია მოხსენიებული. აი, ამ იგავით უფალი გადმოგვცემს ჩვენ მის სიყვარულს ჩვენდამი, თუ რაოდენ დიდია მისი სიყვარული და წადილი იმისა, რომ ჩვენთან ერთად იყოს იგი და ჩვენ ვიყოთ მასთან ერთად. ამისთვის უფალი მუდამ აგზავნიდა თავის რჩეულ ადამიანებს – წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მღვდელმთავრებს, ღირს მამებს და ა.შ. ვინც მოუწოდებდა ადამიანებს ამ ნადიმზე. თვითონ უფალი იესო ქრისტეც ამიტომ განკაცდა, ამიტომ მიიღო კაცობრივი ბუნება და ამიტომ მოევლინა კაცობრიობას. მისი ნებაა, რომ ყველა ადამიანი გახდეს წევრი, აი, ამ სერობისა, ამ პურობისა, ამ საქორწინო სუფრისა, ყველა, ვისთვისაც უფალმა სისხლი დაღვარა ჯვარზე.
მაგრამ ეს იგავი მძიმე სიტყვებით სრულდება: „ბევრნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“. ე.ი. ყველაა მოწვეული, მაგრამ ყველა არ სცემს პასუხს ამ მოწვევას სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ, რომ, როგორც ამბობს თავად უფალი იესო ქრისტე, „ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ საუკუნო სიცოცხლისკენ. ამიტომ მცირედნი პოვებენ მას“, მაგრამ ვინც პოვებს ამ ჭეშმარიტ გზას, ვინც უერთგულებს ეკლესიას, ისინი არიან რჩეულნი, ეკლესიის მუშაკნი და ეკლესიაში უფალი ყველა ასეთ ადამიანს აძლევს თავის მისიას, თავის დავალებას, დანიშნულებას და შესაბამის ნიჭებსა და ტალანტებს, რომ ეს შეასრულოს, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „ერთნი დაადგინა უფალმან ეკლესიაში წინასწარმეტყველებად, სხვანი – მოციქულებად, მოძღვრებად, ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ნიჭი, ზოგს მისცა კურნების ნიჭი, შეწევნის ნიჭი, მმართველობის ნიჭი და ა.შ. აი, ეს „მუშაკნი ეკლესიისანი“ არიან სწორედ ის რჩეულნი, რომლებზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ „მცირედნი არიან“ და მათი საქმეა, დანარჩენი ადამიანები მოიყვანონ ქრისტესთან, ქრისტეს ნადიმზე; მათი საქმე და ღვაწლი არის ის, რომ, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, როგორც მცირედი საფუარი აღაფუებს მთელ ცომს, როგორც მცირე მდოგვის მარცვლიდან აღმოცენდება დიდი ხე, აი, ასეთია მათი ღვაწლი.
ჩვენ ბედნიერნი ვართ დღეს, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ სწორედ, აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა, აი, ამ ქრისტეს ნადიმზე. ჩვენ ვხარობთ, დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით.
ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა სახელით მივულოცო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და წავიკითხო მისალოცი წერილი:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დიდო მეუფეო და ჩვენო მოწყალეო მამავ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების ორმოცდამეხუთე წლისთავს აღნიშნავს. 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ეს არის დღე, რომელიც თქვენს სამწყსოს თქვენდამი მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობით აერთიანებს. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე.
აღსაყდრების დღეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ამბიონიდან თქვენ ისტორიული სიტყვა წარმოთქვით, სადაც აღნიშნეთ, რომ ქედს იხრით საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს თქვენი ძალა და გონება; ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს, რომ, მისი შეწევნით, თქვენ უკვე ორმოცდახუთი წელია, მუხლჩაუხრელად და ღირსეულად აღასრულებთ ამ დიდ მისიას.
„რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ვხედავ, რომ იგი ყოველდღიური მოწამეობა იყო და დღესაც ასეა, რომ არა ღვთის მადლი და შემწეობა და თქვენი სიყვარული და თანადგომა, ამ ჯვრის ტვირთვას ვერ შევძლებდი“, – ბრძანებთ თქვენ. მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მართლაც მოწამებრივი მსახურება ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია.
უფალმა საპატრიარქო ტახტზე თქვენი აღსაყდრება ჩვენი ისტორიის ურთულეს პერიოდში, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის პირობებში ინება. სწორედ ამ დროიდან, თქვენი წინამძღოლობით, იწყება საქართველოს ეკლესიის ფერისცვალება და აღმავლობა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობის პერიოდში ეკლესიის წიაღში ეპოქალურ ცვლილებებს ჩაეყარა საფუძველი. შეუძლებელია სრულად შეფასდეს თქვენი ღვაწლი ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე. თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი კიდევ არაერთი თაობის შთაგონების წყარო გახდება.
ჩვენ მადლიერების გრძნობით გვინდა, გავიხსენოთ იმ დიდი საქმეების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომელიც თქვენს ორმოცდახუთწლიან მოღვაწეობას უკავშირდება. ესენია: ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვის გაზრდა, სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრების აშენება და განახლება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, წმინდა სამების დიდებული საკათედრო ტაძრის აგება, მრავალი საეკლესიო მოღვაწის წმინდანად შერაცხვა. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის სწორედ იმ ადამიანების ცხოვრების წარმოჩენა მოხდა, ვინც ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი კულტურული იდენტობის გადარჩენისათვის იღვწოდა. აღსანიშნავია აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება და მრავალი სხვ.
მნიშვნელოვანია თქვენი ღვაწლი საგანმანათლებლო და მისიონერულ სფეროებში. ამ მიმართულებით დიდი მოვლენები იყო სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გახსნა, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება, საპატრიარქოს უნივერსიტეტის დაარსება. აქვე უნდა ვახსენოთ თქვენ მიერ შვიდგზის ლოცვების დაწესება, შესანიშნავი საგალობლებისა და ხატების შექმნა.
მრავალი შეიძლება ითქვას ასევე მზრუნველობაზე, რომელსაც თქვენ იჩენთ სხვადასხვა სფეროს მიმართ, როგორებიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, ქართული საეკლესიო გალობა, საგამომცემლო საქმე და დემოგრაფიული საკითხები. დიდია თქვენი მამობრივი სიყვარული და თანადგომა სამხედრო უწყებებში მომსახურეების, ჩვენი ემიგრანტების, შვილგარდაცვლილი დედებისა თუ სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ.
თქვენი ყველაზე დიდი სატკივარი და საზრუნავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, დროებით ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მშობლიური მხარიდან განდევნილი ასობით ათასი ადამიანი. მხოლოდ თქვენ შეძელით, დამპყრობლის მიერ ოკუპირებულ ჩვენს მიწა-წყალზე შესვლა და ბრძოლის ველზე დაცემულ ქართველ მეომართა ცხედრების გადმოსვენება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თქვენი ღვაწლის წარმატებაში დიდი ადგილი უკავია თქვენს პირად ადამიანურ თვისებებს და სულიერი მოსაგრეობის შედეგად მოხვეჭილ სათნოებებს. ადამიანური სითბო და თანაგრძნობა, გულმოწყალება და სიყვარული, სიმშვიდე და თავმდაბლობა, რომელსაც თქვენ მოყვასთან ურთიერთობაში მუდამ ავლენთ, ის უხილავი ძალაა, რომელმაც მრავალი ადამიანის გული გაათბო და ეკლესიის წიაღში მოიყვანა. ამასთან, თქვენი ეს თვისებები გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ეკლესიას და თქვენს პიროვნებას დიდი ავტორიტეტი აქვს მოპოვებული საერთაშორისო ასპარეზზე როგორც სასულიერო, ასევე საერო მოღვაწეთა შორის. სწორედ თქვენმა საერთაშორისო ავტორიტეტმა განაპირობა ის მოვლენა, რომ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლისღების ადგილთან ახლოს, მდინარე იორდანესთან, მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც სულიერებისა და ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ეს ადგილი იმავდროულად სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან წმინდა მიწაზე მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული კვალი დღემდე არ არის სრულად გამოკვლეული სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოების გამო.
„ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემს თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზედ წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ, ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა“, – ბრძანეთ თქვენ, და ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ თქვენ დღესაც დიდი შემართებითა და ერთგულებით ასრულებთ უფლის მიერ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას; თავგანწირვით ემსახურებით ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს. ამიტომაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისევე, როგორც წარსულში თქვენი სიბრძნით არაერთხელ ააცილეთ საქართველოს დიდი განსაცდელი, დღესაც, როდესაც ჩვენი ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით, უფალი შეგვაძლებინებს მათ გადალახვას.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ აღსაყდრებიდან ორმოცდამეხუთე წლისთავს და დიდი სიყვარულით გმადლობთ თქვენი მამობრივი ზრუნვისა და ღვაწლისთვის. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად და მოგმადლოთ დღეგრძელობა ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ“, – განაცხადა მეუფე შიომ.