ბოროტი სულები ჩვენი სულიდან, ცხოვრებიდან განიდევნება და გამოსწორდება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
როგორც მეუფემ განაცხადა, დღეს არის დიდი მარხვის მეოთხე კვირა, რომელსაც წმინდა იოანე კიბის ამღმწერლის კვირა ეწოდება.
მუეფემ ქადაგებისას რწმენის სიძლიერეზე, თავმდაბლობაზე ისაუბრა.
გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის დიდი მარხვის მეოთხე კვირა, რომელსაც ეწოდება წმინდა იოანე კიბის ამღმწერელის კვირა. თქვენ იცით, რომ ეს ღირსი მამა არის შესანიშნავი ავტორი წიგნისა, რომელსაც ეწოდება „კიბე“, რომელიც აღწერს საფეხურებს ადამიანის სულიერ სრულყოფის გზაზე.
დღეს ამასთან დაკავშირებით არის წაკითხული სახარება, სადაც ნათქვამია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მოდის ადამიანი და მოჰყავს თავისი შვილი, რომელიც ბავშობიდან მძიმედ ავად არის, ეშმაკეული არის ის და ჯერ მიიყვანა მოციქულებთან, მაგრამ მოციქულებმა იგი ვერ განკურნეს. ამიტომ შემდეგ გაკადნიერდა, გაბედა და მიდის იესო ქრისტესთან და სთხოვს განკურნებას, უფალი ჰკითხავს, რომ როდიდან სჭირს ის მასო, ეს ამბობს რომ მოციქულებმა, შენმა მოწაფეებმა ვერ განკურნესო, და ნახეთ რას ეუბნება მას უფალი იესო ქრისტე – „უკეთუ ძალგიძს რწმუნება ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა, ანუ თუ შეგიძლია, რომ გწამდესო მორწუნისთვის ყველაფერი შესაძლებელი არისო, ასეთი საოცარი სიტყვებია, როგორი სანუგეშოა ჩვენთვის ძვირფასო ძმებო და დებო ჩვენთვის. ეს რას ნიშნავს, უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მორწმუნეს ყველაფერი შეუძლია და მთავარი რა არის ჩვენთვის, რწმენით რაც გვეძლევა, ის, რომ გვაქვს საშუალება, მივეახლოთ და მივმართოთ თავად ცოცხალ ღმერთს. საოცარი დიალოგია და მამა ასეთ რამეს პასუხობს რომ „მწამს უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. ესეიგი ერთის მხრივ ეს კაცი ფიქრობს, რომ რა თქმა უნდა მას სწამს, იმიტომ რომ ხომ მოიყვანა ქრისტესთან, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებს იმასაც, რომ მისი რწმენა ძალიან სუსტია, ამიტომ ამბობს კი მწამსო, მაგრამ გევედრები შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.
რატომ ამბობს ამას, იმიტომ რომ ეს მისი ბოლო იმედია, უფალთან მოსვლა მისი ბოლო იმედია, უფალი კი სწამს, მაგრამ შვილი მაინც არ არის განკურნებული. უფალს შეებრალება იგი და განკურნავს მას, და რატომ ისმის ახლა ასეთი კითხვა? თითქმის მცირედ მორწმუნე იყო ეს კაცი და რატომ განკურნა მაშინ უფალმა, თუ მას რწმენა არ ჰქონდა ამდენი, რატომ შეებრალა თითქოსდა მცირედ მორწმუნე ადამიანი, რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი იყი ამ ადამიანის მთავარი თვისება, რაც მოიღებს ჩვენზე სულიწმინდის მადლს, ეს არის სიმდაბლე, თავმდაბლობა, მან აღიარა, რომ მცირედ მორწმუნეა და მან სინანულით და ცრემლით შეევედრა უფალს. ამიტომაც იხილა რა უფალმა ეს მისი თვისება, ასეთი დიდი სასწაული მოახდინა. შემდეგ როდესაც განმარტოვდებიან, უფალთან ერთად მოციქულები რომ შევლენ იქ კითხავენ მას, რომ ჩვენ რატომ ვერ განვკურნეთო? უფალი პასუხობს მოციქულებს, რომ ნათესავი ესე (გულისხმობს ბოროტ სულებს და ეშმაკებს) განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით“,- განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, მარხვა და ლოცვა ადამიანის სულზე დადებითად მოქმედებს.
„ესეც მეორე სწავლება დღევანდელი სახარების, ეს რას გვასწავლის, რა გაკვეთლია ჩვენთვის, ბოროტი სულები განიდევნება ჩვენი სულიდან, ჩვენი ცხოვრებიდან, ის თვისებები, რომელიც ეშმაკის მიერ არის დათესილი განიდევნება და გამოსწორდება მხოლოდ ლოცვით და მარხვით. მარხვით რას ნიშნავს, თავი უდნა შევიკავოთ, შევეწინააღმდეგოთ ყოველივე იმას, რაც არის ბოროტი სულისგან ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს შინაგან აზროვნებაში, ჩვენს სულში და ასევე ლოცვით, რადგან ღვთის მადლის გარეშე მარტო ჩვენი ლოცვით და მეცადინეობით ჩვენ ამის შემძლებელნი არა ვართ.
მარხვა ზემოქმედებს ადამიანის სულზე, ადამიანის გონება უფრო მსუბუქი ხდება, უფრო ნატიფდება, უფრო შემძლებელი ხდება, რომ აღიმართოს, ღმერთამდე ავიდეს, იაზროვნოს, იფიქროს, ილოცოს ღვთაებრივზე, ამიტომ მარხვა არის აუცილებელი. ჩვენ ვფიქრობთ ალბათ პირველ რიგში იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს თუ არა ასეთი ლოცვა ასეთი განწყობა, და ჩვენ რომ გვქონდეს ასეთი ლოცვა სიმდაბლით, ცრემლით, სინანულით ალბათ ჩვენი ცხოვრებაც სხვანაირად იქნებოდა, ჩვენი სულიერი ცხოვრებაც, ჩვენი პირადი ცხოვრებაც და ჩვენი ეროვნული ცხოვრებაც. ქვეყნის ცხოვრებაც უფრო სხვანაირი იქნებოდა. ჩვენ უფრო დავფიქრდებოდით, შევისწავლიდით წმინდა წერილს, წმინდა მამების ნაშრომებს, დავადგებოდით ერთად სულის გადარჩენის გზას, სულის განკურნების გზას და არ ვიქნებოდით ჩაფლულნი მიწიერ, ყოფით ინტერესებში, რომელშიც ვართ დღეს. ჩვენ ძირითადად, უფრო გვაინტერესებს რა ჩავიცვათ, რა არ ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა არ ვჭამოთ, სამწუხაროდ ეკლესიაში მოსიარულე ადამიანებიც ხშირად ამაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას“,- აღნიშნა მეუფე შიომ.