მეუფე შიო ბავშვთა სახლს ესტუმრა
მეუფე შიო ბავშვთა სახლს ესტუმრა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ბავშვთა სახლს ესტუმრა.

მეუფე შიო სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქოსთან არსებულ დედათა და ბავშვთა სახლში “კიდევაც დაიზრდებიან” იმყოფება.

საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, პატარებმა კი სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.

მეუფე შიომ მსგავსი ტიპის ბავშვთა სახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ მსგავს პროექტებში სახელმწიფო ჩაერთვება.

„დღეს მოვინახულეთ ბავშვთა სახლი, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ბავშვთა სახლი ლომისის მამათა მონასტრის პატრონაჟით, არქიმანდრიტი იოანე ჯიშკარიანის და დედა ბარბარეს ხელმძღვანელობით მუშაობს. ეს არის სახლი, რომელშიც არიან უპატრონო ბავშვები, ძირითადად აბორტისგან გადარჩენილები. გვინდა, რომ ესენი გავაცნოთ ჩვენს მრევლს, სრულიად საქართველოს, რადგან ეს არის უდიდესი პრეცედენტი. დღეს დემოგრაფიული კუთხით ურთულესი მდგომარეობაა. აბორტების სტატისტიკა არის შემაშფოთებელი, რაც დამღუპველია ჩვენი ერისთვის. ასეთი პროექტები არის ერის გადარჩენის პროექტები. ვფიქრობთ, კარგი იქნება, ხელისუფლებას დაველაპარაკოთ, რომ თუ იქნება შესაძლებელი ამგვარი სახლის ბაზაზე უფრო გაფართოვდეს ასეთი საქმიანობა, რაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ერისთვის”, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბავშვთა სახლი ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის მიერ 2007 წელს დაარსდა, ამჟამად სახლს  17 აღსაზრდელი ყავს.