მეუფე ნიკოლოზი - ვფიქრობ, ჩვენი სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება, იყოს სავალდებულო
ჩემი პროგნოზია და ვნახოთ, თუ გამართლდება, ვფიქრობ, ჩვენი სინოდი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება, იყოს სავალდებულო, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი.
„არ ვიცი, რა საკითხები იქნება. ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე ლაპარაკი. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი სინოდი, ჩემი პროგნოზია უბრალოდ და ვნახოთ, თუ გამართლდება, ვფიქრობ, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება, იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და ვფიქრობ, რომ ჩვენ გადავწყვეტთ ასე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს ვაქცინაციას, არც ერთს და არც მეორეს, ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ.
ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ერთადერთი საღვთისმეტყველო საკითხი აქ არის თავისუფლების შეზღუდვა, რომ ვიღაცას დავაძალოთ კატეგორიულად ვაქცინაცია, რომ თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები, ეს არასწორია, მაგრამ ამას ჩვენ საქართველოში არ ვწყვეტთ, ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებია. ასევე, ის, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინას, არ გამოვაცხადებთ ამას ღმერთისა და ხალხის მტრად, რომ დანაშაული ჩაიდინა, ოღონდ ესეც საქართველოში შექმნილი ჭორები არ არის, სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან ვკითხულობთ. პირადად მე რაც შემეხება, თუ ეს თქვენთვის მაგალითად, პირადად ჟურნალისტებისთვის ან ვინმესთვის, რაიმე ნუგეშის მომგვრელი იქნება, პირდაპირ თქვენ წინ გავიკეთებ. არ მეშინია ვაქცინის გაკეთების, მაგრამ თუ ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება, არ გავიკეთებ, რადგან არასდროს გამიკეთებია არანაირი ვაქცინა, არ მჭირდება ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე, ბავშვობის მერე ვაქცინა არ გამიკეთებია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ჟურნალისტებს ვაქცინის გაკეთებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, ფრთხილად იყოთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგან ვაქცინა დაკავშირებულია აცრასთან. აცრა ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ მცირე დოზით ავადმყოფობა, რათა მან გამოიმუშაოს იმუნიტეტი. თუ ექიმს შეეშალა და ეს ინფექცია უფრო დიდი დოზით შეიყვანა, შეიძლება, ამან ლეტალური შედეგი გამოიწვიოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.