მეუფე ნიკოლოზი - რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელი
რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელი არის, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.
„დღევანდელ დღეს უფალი დიდებით შევიდა იერუსალიმში და ეს ბევრ ადამიანს არ მოსწონდა. რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელი. როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. რა საქციელია, რა მანერებია, რა ქრისტიანობაა, არ ვიცი.
მინდა, დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, აუცილებლად მოწესრიგდება. დღეს, დღევანდელ დღეს, დაიმახსოვრეთ, ძალიან ცოტა ხანში დაწყნარდება ყველაფერი. გეგმა არსებობს, ცოტა ხანი დავიცადოთ და ყველაფერი დაწყნარდება“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.