გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „სალხინოს ოჯალეშის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „სალხინოს ოჯალეშის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „სალხინოს ოჯალეშის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„„Გეფშვათ ღვინი ხარათია, ართიანც ქჷდვახვამათია, გეშვი ღვინი დო ქჷდმახვამი, სახელ ბჯოხო გუჯმახანი.“

მეგრულ სუფრულ სიმღერას, „ხარათიას“ ტექსტს ქართული თარგმანიც კი არ სჭირდება, იმდენად პირდაპირია მინიშნება იმაზე, რომ ღვინო მეგრული სუფრის განუყოფელი ნაწილია. სუფრა კი ყოველთვის ასახავს ხალხთა ცხოვრების წეს- ჩვეულებებს.

სამეგრელოში მევენახეობას უხსოვარი დროიდან საპატიო ადგილი ჰქონდა მინიჭებული. არაერთ მკვლევარს და მოგზაურს აქვს აღწერილი ადგილობრივი მეღვინეობის ფაქტები. შარდენის, ლამბერტის, კონტარინის და სხვათა ჩანაწერებში, სადაც არის სამეგრელო, იქ თავს იჩენს მეგრული ღვინო. რაც შეეხება უფრო ძველ არტეფაქტებს, სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი მასალები პირდაპირ უკავშირდება ღვინის წარმოებას. იქნება ეს ყურძნის საქაჩავი თუ სხვა ქვის ნაწილები, რომელთა სახელები დღევანდელ თაობაში აღარ არის შემორჩენილი, მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე კი აგრონომი ერმილე ნაკაშიძე თავის ნამუშევრებში წერს.

რაც შეეხება უშუალოდ მევენახეობის კულტურის განვითარებას, ვაზის ჯიშების გამოყვანას და სხვადასხვა სახეობის ღვინის ჩამოსხმას, ამ საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნეაპოლის მეფის შთამომავალს, პრინც მიურატს, რომელმაც XIX საუკუნეში ვენახები გააშენა სოფელ ჭკადუაშსა და სალხინოში. მან ძირითადად ოჯალეშის ჯიშის ვაზი მოაშენა, აშილ მიურატის მიერ ჩამოსხმულ ღვინო „ოჯალეშს“ კი იმ პერიოდშივე არაერთი მედალი და სიგელი აქვს მოპოვებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე.

სალხინოს ოჯალეში წითელი მშრალი ღვინოა, მუქი ბროწეულისფერი მეწამული შეფერილობით. მისი არომატი და გემო სავსე, დახვეწილი, ხალისიანი, ექსტრაქტული და ჰარმონიულია. დავარგების შემდეგ მას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით.

სალხინოს ოჯალეშის შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს, ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა კი არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები. ეს ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან. მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 8 ტონას. რა განაპირობებს სალხინოს ოჯალეშის განსაკუთრებულობას? ეს არის კლიმატი, მიკროზონა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ ღვინის უნიკალურობასთან. ეს მიკროზონა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს სოფლებს: ბალდას, გაჭედილს, ნობულევს, დიდ ჭყონსა და ტალერს. ამ ტერიტორიაზე ხდება ორი ზონის გადაკვეთა – ერთის მხრივ, ესაა დასავლეთიდან მომდინარე შავი ზღვის სიახლოვე და ჩრდილოეთის მხრიდან შემხვედრი სამეგრელოს და კოდორის ქედების მდებარეობა, ამას ემატება კოლხეთის დაბლობის სიმაღლე (ზღვის დონიდან 200-250 მეტრი) და ზღვის ნოტიო სუბტროპიკული თბილი კლიმატი, რომელიც რბილ ზამთარს და ცხელ ზაფხულს განაპირობებს. სწორედ ეს რბილად გარდამავალი სეზონი და ნალექების ზომიერი რაოდენობა განსაზღვრავს მიკროზონის უნიკალურობას, რომელიც სალხინოს ოჯალეშის განუმეორებელ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს განსაზღვრავს.

მნიშვნელოვანია ერთი მინიშნება, რომ ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული ოჯალეშის ჯიშის ყურძნიდან და მასში დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. გარდა ამისა, ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ სალხინოს მიკროზონის ფარგლებში. ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „სალხინოს ოჯალეში“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2020 წლის 30 მარტს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია სტატიაში.