სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში დაპირისპირება იყო [ფოტო/ვიდეო]

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა.

ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ტაძარში ცოტა ხნის წინ მივიდა მეუფე სტეფანე. მის გამოჩენასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სალხინოში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში იმყოფებიან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი მხარს მშვიდობას და ეკლესიის ერთიანობას უჭერენ.

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აქ მიმდინარე პროცესს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო. არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე. ვუჭერთ მხარს ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას, იმედია, ასეც იქნება. წირვის დასრულებამდე აქ ვიქნებით და დავუბრუნდებით ჩვენი პროტესტის ადგილს. სრულიად საქართველოს ვულოცავთ ბზობის დღესასწაულს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.