მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - პატრიარქის ტახტის გადაბარებას ვერავინ მოესწრება
სინოდის დღევანდელმა სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა იყო საკითხები, ვერ გეტყვით, რადგან სინოდს ჰყავდა მდივანი, რომელიც წერს განჩინებას. ძალიან მალე დაამთავრებს. სინოდის სხდომა ძალიან მოკლე იყო. თუ არ ვცდები, იყო სამი საკითხი. საერთოდ, ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად საკამათო არაფერი იყო. პირველი, რაც შემიძლია, გითხრათ, იყოს ის, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობის 45 წლის იუბილე. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ, პირველ რიგში, კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი, ძალიან ყოფითი საკითხები იყო“, – განაცხადა მეუფემ.
ამასთან, კითხვაზე, – „იყო თუ არა საუბარი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე, ტახტის მემკვიდრეზე?“ – მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აღნიშნა, რომ „ამას ვერავინ მოესწრება“.
„თქვენ მაიძულებთ, ცუდი რაღაც ვთქვა. ახლა ვიტყვი, ვერ მოესწრება ამას ვერავინ, ვერასოდეს. არასოდეს დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს, რაღაც მსგავსი ეთქვა. ვერ მოესწრება ვერავინ. პატრიარქი იქნება დიდხანს და პატრიარქობის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს სინოდის სხდომის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რაზეც მან აღნიშნა:
„პატრიარქი იყო სუსტად, მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს. სინოდის სხდომის ჩატარებაზე არავინ არის უფლებამოსილი, ვიდრე პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას. ამიტომ ვიცდიდით ამდენ ხანს. პატრიარქი რომ არ ჩამოსულიყო, სხდომა გადაიდებოდა, არ ჩაიშლებოდა“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.