ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როდის დაინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა და როდის მოხდება მეუფე იაკობის განცხადების განხილვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სინოდის სხდომის დანიშვნის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს.
„საეკლესიო დებულების თანახმად, სინოდის სხდომას იწვევს სინოდის თავმჯდომარე. სინოდის მუდმივი თავმჯდომარე ბრძანდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ნებისმიერი სხვა ადამიანის მიერ სინოდის მოწვევა ითვლება უკანონო ქმედებად, ანუ არალეგიტიმურად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ველოდებით კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას. თუმცაღა, სურვილები გამოითქმის ჩემი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც, არსებობს დაინტერესება, როდის იქნება, კითხულობენ ადამიანები, მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რატომ არ იქნა დღემდე მოწვეული სინოდის სხდომა, ამის თქმა გამიჭირდება, ჩემთვის არავის აუხსნია და გაუმხელია“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. მისი თქმით, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.