მიტროპოლიტი დანიელი - პირს, რომელიც ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება
პირს, რომელიც ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, სინოდის დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაციას.
„შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ქრისტიანთა გაერთიანება“, “ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მრწამსის უარყოფას. ეკლესია აფრთხილებს ყველას, რომ ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, აღარ ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დაინელმა.