მეტროს მემანქანე - 2019 წლიდან ხელფასების გაზრდაზე ოფიციალური შეთანხმების შემთხვევაში, მეტროს მუშაობას ხვალიდან განვაახლებთ
თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაგვეზრდება, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეტროს გაფიცულმა მემანქანემ, ზაზა ბარბაქაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მემანქანეებს და მერიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია არსებობს.
„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო. თუმცა ხალხი ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვს. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო ხვალ დილიდან აუცილებლად ამუშავდება. თუმცა არ მგონია, 06:00 საათიდან, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება სჭირდებათ”, – განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.
მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგა, მეტროს მუშაობა ხვალ დილით 08:00 საათიდან განახლდება.
„ამის თაობაზე ყველა მემანქანე არ არის ინფორმირებული, რადგან ზოგი ამ წუთში აქ არის, ზოგი მანქანაში ზის. როცა შეთანხმება შედგება, ყველა იქნება ინფორმირებული”, – აღნიშნა ბარბაქაძემ
თბილისის მეტროპოლიტენი უკვე ორი დღეა გაჩერებულია. თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.