მეთიუ ბრაიზა - ევროკავშირის წევრებს არ სურთ, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი აქტიურად დააყენონ რუსეთთან, რის გამოც სიტუაციის შესაცვლელად რასმუსენის იდეა შესანიშნავია
მეთიუ ბრაიზა - ევროკავშირის წევრებს არ სურთ, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი აქტიურად დააყენონ რუსეთთან, რის გამოც სიტუაციის შესაცვლელად რასმუსენის იდეა შესანიშნავია

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი აქტიურად დააყენონ რუსეთთან, რის გამოც გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაციის შესაცვლელად ანდერს ფოგ რასმუსენის იდეა შესანიშნავია, – ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის ქართულ ინსტიტუტთან ინტერვიუში, ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

ბრაიზას თქმით, რასმუსენის იდეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაუბრუნებს, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებას და ინტეგრაციას მისცემს.

აშშ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს მაგალითად კვიპროსი მოჰყავს და ამბობს, რომ სამართლებრივად მთელი კუნძული ევროკავშირის შემადგენლობაშია, მაგრამ ევროგაერთიანების სამართლებრივი ორგანოს მუშაობა ჩრდილოეთით შეჩერებულია.

ჟურნალისტმა მეთიუ ბრაიზას ჰკითხა რასმუსენის მიერ დასახელებული გერმანიის მაგალითის შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, პასუხად, კი ბრაიზამ აღნიშნა, რომ გერმანიის მაგალითი განსხვავებულია, რის გამოც ამის მიზეზი არ არსებობს.

„ცხადაია, იქნება ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, ვინც ზეწოლას მოახდენს საქართველოზე სამომავლოდ, რომ აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად, რადგან მათ რუსეთთან ან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, ან პატივს არ სცემენ ისტორიას და უბრალოდ სურთ ჩუმად ყოფნა, ვიდრე სამართლიანობა იხილონ საქართველოში“ – აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

ყოფილმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რასმუსენის იდეის განხილვას ნატო-ს თანამშრომლები არ დაიწყებენ და პირველ რიგში წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს საუბარს ამ შეთავაზებაზე, ან ანგელა მერკელი, ან პრეზიდენტი მაკრონი, მაშინ ნახავთ, რომ გენერალური მდივანი და სხვები იდეას უფრო ღიად გააჟღერებენ. წევრი ქვეყნები ამ იდეას ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ, თუმცა ვიმედოვნებ, მხარს დაუჭერენ“ – აღნიშნა ბრაიზამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დისკუსიაზე საქართველოს თანხმობის შემთხვევაში, აიძულებს თუ არა ეს ნატო-ს საკითხის განხილვას, ბრაიზა ამბობს, რომ საქართველომ ნატო-ს მთავარი წევრები და პირველ რიგში, აშშ უნდა დაარწმუნოს, რომ აზრი აქვს საკითხის განხილვას.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, მე ვიცი ჩემი საუბრებიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი ბუში ცდილობდა, საქართველოს მაპ-ი მიეღო, მაგრამ ეს დაიბლოკა კანცლერ მერკელის მიერ. ასე რომ,  მსგავსი რამ შეიძლება, ისევ მოხდეს. გერმანელები ნატო-ს მოკავშირეებს შორის ყველაზე უხალისოდ არიან განწყობილი, როდესაც საქმე რუსეთთან დაპირისპირებას ეხება და ეს გასაგებია გერმანიის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. 2008 წლის გაზაფხულზე, ვაშინგტონში ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ პუტინის მახისგან თავის დაღწევაში უნდა დახმარებოდა. მახე იყო, რომ დაეტოვებინა სააკაშვილი ცუდ არჩევანთან: დაეთმო რუსეთისთვის აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დამყარება ან წასულიყო ომში რუსეთთან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა ახალი გეგმა, განვსაზღვრეთ ზომები, რაც მოიცავდა ევროკავშირის პოლიციას კოდორის ხეობაში და სხვა ზომებს. მაგრამ დასასრულს, გერმანელებმა, რომლებიც თავმჯდომარეობდნენ „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფს, მოხსნეს ყველა მდგომარეობა, რომელსაც შესაძლოა, რუსეთი დაპირისპირებოდა და არაფერი დატოვეს“, – აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი ძალას არ გამოიყენებს და სამხედრო საფრთხე შეწყდება.

მეთიუ ბრაიზა ასევე შეეხო საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის საკითხს და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის დიპლომატების საუბარი ნორმალურია საქართველოს ეკონომიკური მდომარეობისთვის, თუმცა შეხვედრა პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში გარღვევას ვერ გამოიწვევს, ვიდრე საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ.