მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა, მზიანი ამინდების გამო კი ცეცხლი ადვილად ვრცელდება.
ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.