სოფელ ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ დამბა გაარღვია, რის გამოც სოფლის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ცენტრში, ადიდებულმა მდინარემ დამბა გაარღვია. მომხდარის გამო სოფლის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა, თუმცა წყალს უშუალოდ მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი ამბობს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, მუშაობს მძიმე ტექნიკა.
მისივე თქმით, მდინარის ადიდების შედეგად წაღებულია ერთი ხიდი და ერთი დაზიანებულია.
ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.
ამასთან, მდინარე ნენსკრამ, რომელიც ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, ჭუბერის ხეობაში გასულ წელს, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა. წყალმა დაანგრია და წაიღო საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები.