მეშახტეები ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ხვდებიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
გამგეობის შენობასთან შეხვედრაზე მივიდნენ ღია კარიერებზე დასაქმებულები და ტყიბულის მცხოვრებლები.
„შახტების დაკეტვის შემთხვევაში, ჩვენს რაიონს სოციალური ტრაგედია ელოდება. ისედაც უჭირს ხალხს. შახტის დაკეტვა კი რაიონის დაცლას გამოიწვევს“, – განაცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილემ გიორგი შარაშენიძემ.
მეშახტეები ასევე გარანტიებს ითხოვენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ მინდელის შახტში მადნეულის მოპოვება განახლდება. ისინი ტყიბულის ალტერნატიული განვითარების გეგმის წარდგენას ითხოვენ.
ამასთან, მათივე თქმით, დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს, რომ ისინი შახტის დახურვის პერიოდში ანაზღაურებას ნამდვილად მიიღებენ.
ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტი დაიხურება და არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება, როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, ხოლო ვიდრე დახურული იქნება, შახტში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ.