ტყიბულში მეშახტეების დღევანდელი აქცია დასრულდა. მათი თქმით, აქციას ხვალაც გამართავენ, სადაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები პირველ არხთან აცხადებენ, აქციაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, რომელიც შახტის დახურვის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემას გულისხმობს, წერილობითი დოკუმენტის სახით გაფორმებას მოითხოვენ.
ასევე მოითხოვენ 16 ივლისს მომხდარი შემთხვევის ობიექტურ გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და შახტში პროფესიული კადრების დანიშვნას.
ტყიბულში დილიდან მეშახტეთა აქცია მიმდინარეობდა, სადაც „საქნახშირის“ ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვდნენ. „საქნახშირის“ წარმოების დირექტორმა გია ქარქაშაძემ, მინდელის შახტის დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ თანამდებობები დატოვეს.
აქცია ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.