მერსედეს ვერა-მარტინი - საქართველოში რეფორმების პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ეკონომიკის ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალში მაღალი იყო
საქართველოში რეფორმების პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მეოთხე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო პირობების უმრავლესობა შესრულებულია, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისი თქმით, სუსტი საგარეო გარემოს მიუხედავად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალში მაღალი იყო.
„2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტია, ხოლო ინფლაცია 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბებს, ძირითადად, თამბაქოზე აქციზის ზრდის გამო. სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში დააჩქარებს ზრდას საშუალოვადიან პერიოდში და ზრდა დაახლოებით წლიურ 5.25 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნელ-ნელა შემცირდება, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების საფუძველზე“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი ქმნის რეზერვების დარგოვებისა და რეფორმების გატარების საშუალებას, რათა საშუალოვადიან პერიოდში ზრდა მეტად ინკლუზიური იყოს.
„პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სავალუტო ფონდის მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ეს შეთანხმება საჭიროებს დამტკიცებას სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საქართველოს საკითხს მიმდინარე წლის ივნისში განიხილავს. ამ მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ესდიარი (SDR), (დაახლოებით 41.6 მილიონი დოლარი), – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
როგორც მან აღნიშნა, ამით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის მთლიანი გადმორიცხვები დაახლოებით 207.9 მილიონ დოლარს მიაღწევს.