დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში, კორპუსი, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, ექსპულატაციაში მიღებული არ ყოფილა.
როგორც პირველ არხს მერიაში განუცხადეს, ჩაუბარებელ კორპუსში ცხოვრება სამართალდარღვევად არ ითვლება.
„2009 წლამდე კორპუსში, რომელიც ექსპულატაციაში არ იყო მიღებული, ცხოვრება სამართალდარღვევად ითვლებოდა, თუმცა კანონი შეიცვალა და ეს კანონდარღვევად აღარ ითვლება“, – განაცხადეს მერიაში.
ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფს“, რომელმაც კორპუსი ააშენა, ექსპულატაციაში მიღების მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.