მერი მაღლაფერიძე - კრიზისული ცენტრები ბენეფიციარებს ძირითად მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში აწვდის
კრიზისული ცენტრები ძირითადად მომსახურებას ბენეფიციარებს დისტანციურ რეჟიმში აწვდიან, ხოლო რაც შეეხება თავშესაფრებს და თბილისის კრიზისულ ცენტრებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში უზრუნველყოფენ ბენეფიციართათვის 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას, – ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა.
მერი მაღლაფერიძის თქმით აღნიშნული სიტუაციის (COVID-19) გათვალისწინებით ერთ თავშესაფარში მოწყობილია საიზოლაციო ზონა, რაც ითვალისწინებს ახალი ბენეფიციარისთვის თავშესაფრის სერვისის მიწოდების საჭიროებისას, მის განთავსებას საიზოლაციო თავშესაფარში და მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გადაყვანას სხვა თავშესაფარში.
„ასევე, მოქმედებს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების 24-საათიანი (24/7) საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006, რომელზეც კონსულტაციის მიღება, ქართული ენის გარდა, შესაძლებელია ასევე 7 უცხოურ ენაზე (ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, თურქული, სომხური, არაბული და სპარსული).“ – განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული გარემოებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში თანამშრომელთა და ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება.
სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რომელსაც ახორციელებს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ფარგლებში. რაც მიცავს იურიდიულ (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა)დახმარებას, ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას/მიღებას, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას, თარჯიმნის ან/და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფას.
სააგენტოს დაქვემდებარებაშია ხუთი თავშესაფარი და ხუთი კრიზისული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით.