მერებაშვილს „ვისლას“ იმედი აქვს - საქართველოდან არავინ დამკავშირებია
პოლონეთში სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლას“ 37 ქულა აქვს და გასავარდნთა ზონიდან თავის დასაღწევად უახლოესი სამი შეხვედრა სასურველი შედეგით უნდა დაასრულოს.
32 წლის ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ „ვისლა“ რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევას და პოლონეთის მთავარ საფეხბურთო ლიგაში დარჩენას მოახერხებს.
„დარჩენილ ტურებში გადამწყვეტი მატჩი შაბათს გველის, სადაც უშუალო კონკურენტს, ვროცლავის „შლიონკს“ ვესტუმრებით. ეს გუნდი ორი ქულით ჩამოგვრჩება და ამ დაპირისპირების შედეგი ბევრს გადაწყვეტს. მე იმედიანად ვარ და მჯერა, რომ შედეგს მივაღწევთ. მთავარია, ვროცლავში არ წავაგოთ, ამ სამი შეხვედრიდან ერთი მაინც მოვიგოთ და ლიგაში დავრჩებით“, – ამბობს მერებაშვილი საქართველოს პირველ არხთან.
საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის „ვისლას“ შემტევმა ნახევარმცველმა კომენტარი საფეხბურთო კულუარებში გავრცელებულ ხმებზეც გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის „დინამოს“ გიორგი მერებაშვილის დამატება სურს.
„სასიამოვნო იქნება, ჩემით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კლუბი რეალურად თუ დაინტერესდება. ეროვნული ლიგის თამაშებს რეგულარულად ვუყურებ და მიხარია, ამ გუნდმა ლიგას მაყურებელი და საფეხბურთო გარემო რომ შემატა. ბათუმის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრით გაოცებული დავრჩი. საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე ასეთ აჟიოტაჟს ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, თებერვალში „ვისლასთან“ კონტრაქტი გავახანგრძლივე, რომლის გასაუქმებლად ახალმა კლუბმა გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს. იმასაც გულახდილად ვამბობ, ბათუმის „დინამოს“ ინტერესზე პირველად მესმის და პირადად არავინ დამკავშირებია“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გიორგი მერებაშვილი.