მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე - შალვა ნათელაშვილისთვის პასუხიც არ მემეტება ვიბრძვი ქართული პროდუქციის, ქართველი ფერმერებისა და ქართული სოფლის მეურნეობისთვის
არც რუსეთში ვყოფილვარ, არც ჯარში, მე ვარ ერთ-ერთი ქართველი ადამიანი, რომელიც არის მოწინააღმდეგე ოკუპანტი ქვეყნის და ვიბრძვი ქართული პროდუქციის, ქართველი ფერმერების, ქართული სოფლის მეურნეობისთვის და ვიქნები ხმალამოღებული ბოლომდე,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა.
ნიკოლოზ ბენიაიძე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს, სადაც პოლიტიკოსი მას „ფეესბეს“ ოფიცერს უწოდებდა.
„რაც შალვა ნათელაშვილმა იკადრა, არის ძალიან დიდი სიცრუე. ბოლო ათი წელიწადია, სოფელში ჩავდივარ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დღეს, ხმას ვაძლევ სასურველ კანდიდატს და ვბრუნდები. ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ ვიცნობ, სურვილი კი მიჩნდება, ვერ ვხვდებით უბრალოდ, ერთ რაიონში ვცხოვრობთ, თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ მართლა არ ვიცნობ პირადად. ერთი რამის თქმა შემიძლია, შალვა ნათელაშვილი არის სიცრუის გამოხატულება, სახე, როგორი არის ადამიანი ცრუ და ცილისმწამებელი. სამარცხვინოა ამ ადამიანის საქციელი. იქნებ დააკონკრეტოს გვარი, სახელი – რომელი ადამიანი დავატერორე, მოვისყიდე, დავაშინე ან ავუკრძალე უბანზე მისვლა. თავის მართლება მრცხვენია ამ კლოუნის ნაბოდვარზე. რუსეთის რაღაცა კლასტერი, რაღაცა სიტყვებს ბაქიბუქობს, არავინ დაუჯერებს, ეს არის ვადაგასული პოლიტიკოსის ბოდვა. არც რუსეთში ვყოფილვარ, არც ჯარში ვყოფილვარ, მე ვარ ერთ-ერთი ქართველი ადამიანი, რომელიც არის მოწინააღმდეგე ოკუპანტი ქვეყნის და ვიბრძვი ქართული პროდუქციის, ქართველი ფერმერების, ქართული სოფლის მეურნეობისთვის და ვიქნები ხმალამოღებული ბოლომდე. ბოდიში მოუხადოს საკუთარ ნათესავებს იმ სოფლებში, მთიულეთშიც და ფშავშიც, ბოდიში მოუხადოს ამ ურცხვმა, სამარცხვინო ადამიანმა ასე რომ აკნინებს ამ ვაჟკაცს ხალხს. მე მაგისგან ბოდიშიც არ მჭირდება, რადგან იმდენად მდაბიოა თავისი საქციელით, რომ ამისთვის პასუხიც კი არ მემეტება, მაგრამ მაინც გაიგოს ჩვენმა მოსახლეობამ“, – განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მერძევეების ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძეს რუსეთის „ფეესბეს“ ოფიცერი უწოდა. ნათელაშვილი წერს, რომ დედოფლისწყაროში მოქალაქეების დაშინებისა და მოსყიდვის მიზნით, ბენიაიძეს ჯარისკაცების ბიუჯეტიდან ფული მისცეს. შალვა ნათელაშვილის ბრალდებას უპასუხეს საქართველოში მოქმედმა ფერმერულმა გაერთიანებებმა. როგორც ისინი აცხადებდნენ, შალვა ნათელაშვილის ბრალდება იყო ცილისწამება. თუ მას რაიმე დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა, გამოექვეყნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი სიტყვები უკან წაეღო და ბოდიში მოეხადა.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბენიაიძემ და ფერმერთა ასოციაციებმა დაიწყეს სარჩელის მომზადება შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ.