მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ქუთაისის სასამართლოში თვითმხილველი დაკითხეს
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ ბრალდების მხარის მოწმე ალექსანდრე ვასაძე დაკითხა. ვასაძე შემთხვევის თვითმხილველია. ის იჯდა ავტომობილში, რომელიც კვირიკაშვილის ავტომობილს უკან მიყვებოდა, თუმცა მოწმემ განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ ის იცის, რაც კახი ნემსაძისგან მოისმინა, ვისი ავტომობილითაც ის მგზავრობდა. თავად კი არ დაუნახავს, რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი 6 ივლისს, 14:30 საათზე განახლდება. მომავალ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. კვირიკაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.