მერაბ კაკულია - ლარის გაუფასურების ფუნდამენტური ფაქტორები არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, დოლარში დაკრედიტების შეზღუდვა და მოლოდინების არაეფექტური მართვა
ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევ ფუნდამენტურ ფაქტორებს შორის დგას უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლება, დოლარში დაკრედიტების შეზღუდვა და მოლოდინების არაეფექტური მართვა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე ინფლაციის წნეხის ზრდა და ეროვნული ვალუტის მიმართ უარყოფითი მოლოდინის პრობლემა განიხილეს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ წლის მანძილზე ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტადაც კი იზრდება, ნოემბერში საბანკო დაკრედიტებისა და საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა, თუმცა ინფლაციის წნეხი არ შენელდა და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ის წლის ბოლოსთვის 7.2 პროცენტს მიაღწევს.
კაკულიას განმარტებით, ინფლაციის ზრდის მიზეზი ლარის მკვეთრი გაუფასურებაა და საკმაოდ პრიმიტიულია ბოლო დროს გავრცელებული მიდგომა, რომ ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ამის საფუძველს ფუდნამენტური ფაქტორები ქმნიან.
„ფასების ძალიან მნიშვნელოვანი ზრდის ძირითად მიზეზად [ლარის] კურსის მკვეთრი დაქვეითება შეიძლება, დასახელდეს. მე იმთავითვე ვამბობდი, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებას ხშირად ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით. მაგალითად, ვამბობთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ კურსწარმოქნის ყველაზე მთავარი ფუნდამენტური ფაქტორი არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ ვამბობთ, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა. კიბატონო, მაგრამ მიმდინარე ანგარიშის შემცირებას კაპიტალის შემოდინების, ანუ უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებაც მოჰყვა. აქ პირველ რიგში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეა საუბარი. არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ ბოლო წლებში უცხოური ინვესტიციების დინამიკას დიდად განსაზღვრავდა მსხვილი ინფრასტრუქტურული ტრანზიტული სიმძლავრეების, უპირველეს ყოვლისა გაზსადენების მშენებლობა. ეს პროცესი დასრულდა. უახლოეს მომავალში რამე ასეთი მსხვილი ახალი პროექტი მოსალოდნელი არ არის. აქედან გამომდინარე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმდენი აღარ იქნება, რაც გასულ წლებში იყო, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს არ გადავდგამთ და ეს ნაბიჯები მყისიერ შედეგს არ გამოიღებს. ეს არის ზუსტად ის ფუნდამენტური ფაქტორი, რაც შეიძლება, ლარის კურსის ცვლილების ერთ-ერთი მთავრი მიზეზი იყო“, – განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დოლარში დაკრედიტების შეზღუდვას უკავშირდება.
„მეორე ფუნდამენტური ფაქტორია უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარში დაკრედიტების შეზღუდვა, რაც ლარიზაციის პროცესთან იყო დაკავშირებული. ლარიზაციის წინააღმდეგი არავინ არის. მე ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი, მაგრამ როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, შეზღუდვების დაწესებით ეს ამბავი არ გამოვა. ლარიზაციის თემას უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების კლება მოჰყვა. უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები, როგორც წესი, ეროვნულ ვალუტაზე საკმაოდ სერიოზული მოთხოვნის წყაროს ქმნიან. შესაბამისად, თავის დროზე ლარის კურსზე დადებითად მოქმედებდა. ანუ, გარდა იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფუნდამენტური ფაქტორი ჩაიკეტა, დოლარის მიწოდებაც ჩაიკეტა. ეს მეორე ფატქორი თავისთავად ამ [ლარის გაუფასურების] პროცესის განმსაზღვრელი შეიძლება, არ იყოს, მაგრამ პირველ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებასთან ერთობლიობაში, რასაც კურის ვარდნის მოლოდინიც დაემატა, უკვე გავლენას ახდენს. რაც მეტად ვარდება კურსი, მისი მეტად დაწევის მოლოდინი ჩნდება და დასამალი არ არის, რომ კომუნიკაციისა და მოლოდინების მართვის პრობლემები გვაქვს არა მარტო დღეს, არამედ წარსულშიც გვქონდა. კურსის დაცემის ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ამ მოლოდინების არაეფექტური მართვაც იყოს, რაც დღეს არის“, – განუცხადა მერაბ კაკულიამ „ბიზნესპარტნიორს“.