მერაბ კაკულია - დღევანდელი მოცემულობით, საქართველო ფიქსირებულ სავალუტო კურსზე გადასვლისთვის მზად არ არის
მერაბ კაკულია - დღევანდელი მოცემულობით, საქართველო ფიქსირებულ სავალუტო კურსზე გადასვლისთვის მზად არ არის

მცურავ გაცვლით კურსს შეიძლება, მერყეობის მაღალი ხარისხი ახასიათებდეს, მაგრამ ამ რეჟიმის გამართლება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება, მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმის ეფექტიანობა ეჭვქვეშ დავაყენოთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების საკითხი და ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები განიხილეს.

გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილია დღევანდელ მოცემულობაში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის რეჟიმი, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფიქსირებასა და ეროვნული ვალუტის მცურავ გაცვლით კურსს ითვალისწინებს.

კაკულიამ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია არა ვალუტის გაცვლითი კურსი, არამედ მისი მსყიდველუნარიანობა. აქედან გამომდინარე, ვალუტის კურსის საკითხი მაშინ აქტიურდება, როცა მისი ცვლილება ფასების სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. დღევანდელი გადმოსახედიდან, კაკულიას აზრით, არსებული მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმს აქვს რამდენიმე ნაკლი, საიდანაც პირველ რიგში, ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი დონე უნდა დასახელდეს.

„როდესაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს განსაზღვრავ და მისი დაცვის ვალდებულებას იღებ, ხელთ უნდა გქონდეს შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები, რომ ეს შეძლო. როცა ქვეყანა დოლარიზებულია, ძალიან ძნელია, ლარში დენომინირებული ინსტრუმენტებით ფასების სტაბილურობა დაიცვა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ლარის მონეტიზაციის დონე, ანუ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან ლარის მასის თანაფარდობა, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, დაბალია. თუმცა ბოლო წლებში ლარის მასას აქვს ზრდის ტენდენცია და ზოგადად ეს კანონზომიერება დადებითია. გასაკვირი არ არის, რომ ეროვნული ბანკი კარგა ხანია, ლარიზაციის პოლიტიკის გატარებას, ანუ დოლარიზაციის დონის შემცირებას ცდილობს. ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები არის. კერძოდ ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, რაც დადებითი მოვლენაა, რათა მომავალში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა უფრო შედეგიანი იყოს“, – განაცხადა კაკულიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფიქსირება ხდება, შეუძლებელია, ვალუტის კურსიც დააფიქსირო, რადგან სასურველ მაკროეკონომიკურ შედეგს ვერ მიიღებ.

„მცურავ გაცვლით კურსს შეიძლება, მერყეობის მაღალი ხარისხი ახასიათებდეს, მაგრამ ამ რეჟიმის გამართლება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ქვეყნის ეკონომიკის საგარეო სექტორის, კერძოდ სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას უწყობს ხელს: თუ ეროვნული ვალუტის კურსი უფასურდება, მაშინ ექსპორტს უნდა შეუწყოს ხელი და იმპორტი შეზღუდოს, ასევე პირიქით. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკის ელასტიურობა მცურავი კურსის მიმართ დაბალია. ასე რომ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის რეჟიმის ეფექტიანობა შეიძლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ. ალბათ უფრო ღრმა კვლევები უნდა ჩავატაროთ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ამ რეჟიმის დადებითი და უარყოფითი მხარეები გავაანალიზოთ“, – განმარტა მერაბ კაკულიამ.

ამასთან, მერაბ კაკულია მიიჩნევს, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველო ფიქსირებულ სავალუტო კურსზე გადასვლისთვის მზად არ არის.

„ფიქსირებული ვალუტის კურსის რეჟიმი არის ეროვნული ვალუტის მიბმა ან სავალუტო კალათასთან, ან ერთ ვალუტასთან. მიმაჩნია, რომ დღევადნელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა ფიქსირებულ კურსზე გადასვლისთვის მზად არ არის. თუ მომავალში ამაზე ვიფიქრებთ, ჩემი აზრით, კალათაზე მიბმა მთლად გამართლებული არ იქნება. უნდა მივებათ იმ ვალუტას, რომელიც შედარებით პერსპექტიულია და რომლის ემიტენტ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაზე აქვს სერიოზული გავლენა. დღეს ასეთად ევრო მიმაჩნია“,  – განაცხადა კაკულიამ.

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვალუტის ფიქსირებულ გაცვლით კურსზე გადასვლა სპონტანურად და ემოციებზე დაყრდნობით არ უნდა მოხდეს, არამედ კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული, ვინ არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი პარტნიორი გლობალურ ფინანსურ სივრცეში.